„ალია“ : „როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნა?!“
05.05.2015
გაზეთი „ალია“ უარყოფითად აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნას.

„ომამდე მაინც თუ იყო ტანკისტი, კიდევ ჰო... „ტოჟე, მნე“ მაია წყნეთელი...“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სიახლეში „ალიას“ რედაქცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატ თინათინ ხიდაშელის წარდგენას ეხმაურება (იხ. გაზეთი „ალია“ 2015 წ. 1-4 მაისი, №64 (3186), გვ. 11.).

„დავიწყოთ იმით, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შესაძლო დანიშვნამ ინტერნეტში ძალიან სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ევროპას კი დაუვლის, ალბათ, შეშფოთებანარევი სიამოვნების ჟრუანტელი - ქალი თავდაცვის მინისტრი - ჟღერს ფემინისტებისთვის, თან როგორ ჟღერს!..

ისიც საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას, რომელიც იმედია სინამდვილეს არ შეესაბამება, თავად თინა ხიდაშელი არც უარყოფს და არც ადასტურებს, ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მაქსიმალურად ბევრი ქალი უნდა დაინიშნოს.

„რა თქმა უნდა, საჭიროა და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქალი საჯარო აქტივობის კუთხით, პოლიტიკაში თუ სხვადასხვა პოზიციაზე. ეს ძალიან, ძალიან საჭირო და მართლაც საშური რამ არის, - განაცხადა ეკა ბესელიამ“.

ასეთი საინფორმაციო შესავლის შემდეგ „ალიას“ რედაქცია თავის პოზიციას ასე გამოხატავს: „რა არის, საშური, კაცო, თქვენ ყველა ჭკუიდან ხომ არ გადახვედით, როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრად ქალის, თანაც თინა ხიდაშელის დანიშვნა?! თანაც, გადავაქოთეთ მთელი ინტერნეტი და ერთი მოკლე ციტატაც კი ვერ ვიპოვეთ, რომელშიც თინა ხიდაშელი თუნდაც „კალაშნიკოვის“ დაშლა-აწყობაზე ამბობდეს რამეს. თავდაცვის სფეროც ისე ხომ არ არის მოწყობილი, „კარგი მენეჯერი“ რომ საქმეს წაადგება?!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 პრინციპში ვკითხულობთ: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების,შიდაქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის,ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას,რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი,ფუნქცია და ხილვადობა,რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების,ენისა და შინაარსისაგან,რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის,სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ