04.05.2015
სიუჟეტი იწყება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, რომ არც თვითონ და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ტერორს ჟურნალისტების მიმართ, რასაც მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი: “თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული მედიის წინააღმდეგ არაერთი უპრეცედენტო ძალადობა განახორციელა. ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარ მფლობელობაში მოაქცია „რუსთავი 2“ და სრული კონტროლი დაამყარა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმმა თავდასხმა განახორციელა ტელეკომპანია „იმედზე“ და მალე ამ ტელეკომპანიის საინფორმციო პოლიტიკა სრულად მოერგო ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს. სააკაშვილის მმართველობისას ხელისუფლების ძალდატანებით 11 ტელეკომპანიას შეეცვალა მეპატრონე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადავიდა. ვისაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, ხშირად კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.”
მასალაში ნაციონალური მოძრაობის მიერ მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ საუბრისას, ტექსტს 2007 წლის 7 ნოემბრის კადრები ადევს (ნაჩვენებია, როგორ ცემს აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი). სიუჟეტის ტექსტიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრებში ჟურნალისტებს ურტყამენ. (გამოყენებულია რამდენიმე კადრი, რომელშიც ჟურნალისტებიც ჩანან, თუმცა კადრების უმეტესობა სწორედ 7 ნომებრის საპროტექსტო აქციიდანაა)
მასალა მთავრდება სტატისტიკით: “სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა და მედიის თავისუფლების მიხედვით საქართველო 120-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. იმავე “ფრიდომ ჰაუსისა” და “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება და ამჟამად ამ ნიშნით ევროკავშირის ქვეყნებს: იტალიას, საბერძნეთს და ბულგარეთს გადავუსწარით”.
მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პროგრესი მართლაც აღნიშნულია, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება “შესამჩნევი პრობლემების” მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება“.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი
14.
9. ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.