29.04.2015
ილუსტრაციად გამოყენებულ ფოტოებში ბავშვის თვალები დაფარულია და მისი იდენტიფიცირება არ ხდება, მაგრამ სტატიაში ნახსენებია ბავშვის სახელი და ასაკი, მთავარი რესპონდენტი კი დედაა, რომელიც სახელით და გვარითაა წარდგენილი.
სტატიას ილუსტრაციის სახით თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც მითითებულია ბავშვის სახელი და გვარი. დასკვნაში ნათქვამია, რომ მას „სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთის და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით“. „ტუჩზე ნაჭდევი“ კარგად ჩანს დიდი გაფართოებით გამოქვეყნებულ ფოტოებზეც.
გარდა ამისა, სტატიაში ნახსენებია ძიძის სახელი და გვარიც. მისი დანაშაული ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, სტატიის სათაურით კი, მტკიცებით ფორმაში, ფაქტის სახითაა წარმოჩენილი, რომ ძიძამ ბავშვს სცემა.
პროფესიული სტანდარტების მიხედვით, დაუშვებელია 18 წლამდე ასაკის ბავშვის იდენტიფიცირება ძალადობის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში.