28.04.2015
მასალის წარდგენისას წამყვანი აღნიშნავს: „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ სასაფლაოს გაყიდვა არ იგეგმება, საპირისპიროზე მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული დოკუმენტები, ისინი ადასტურებს ფაქტს, რომ სასაფლაოს ტერიტორია, შესაძლოა, გასხვისდეს.“
მასალაში არ არის ნაჩვენები დოკუმენტები, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობს, შესაბამისად, მაყურებლისთვის ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი და მართლა ადასტურებს თუ არა ის სასაფლაოს ტერიტორიის გასხვისებას.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, აჰმედ იმამკულიევი, ინტერვიუში ამბობს:
„მოსახლეობას აწუხებს, რატომ ჰყიდიან სასაფლაოს მიწას, რისთვის ჰყიდიან და ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამაში პირველ რიგში დაინტერესებულია საკრებულოს მოადგილე, ვალერი მეტრეველი, რომელიც აქ კურირებს მარნეულის რაიონში მიწებს და ყველაფერს“.
მასალაში არ არის წარმოჩენილი ვალერი მეტრეველის პოზიცია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის III თავი ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ეხება. მე-12 მუხლში აღნიშნულია, რომ მაყურებელს ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #1 მუხლი ამბობს: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს დასაზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“ მის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. განმარტების თანახმად, ზუსტ ინფორმაციად მიიჩნევა მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი და მოვლენა, ვისაც და რასაც ეხება ინფორამცია.