24.04.2015
გამოცემის ცნობით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი, რომელსაც სააკაშვილი საქართველოში ეწეოდა, მან უკრაინაშიც გააგრძელა.
„თუ საქართველოში პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი და მისი მეუღლე”, “ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი არაერთი ინტერვიუს თანახმად, ძირითადად, პატიმრებისა და „უპატრონო გვამების“ ორგანოებით ვაჭრობდნენ, ახლა უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პირობებში, ეს სატანისტური ბიზნესი გაცილებით დაუხვეწავთ და გაუფართოვებიათ. უკრაინული მედია პირდაპირ აცხადებს, რომ ორგანოებით ვაჭრობა სააკაშვილების ოჯახის ბიზნესი გახდა“.
“ასავალ-დასავალი” უკრაინულ გამოცემა Slovo.net.ua- ს ეყრდნობა, თავად ეს გამოცემა კი, როგორც „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ციტატიდან ჩანს, ინფორმაციას „სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს“.
გარდა ამისა, “ასავალ-დასავალის” სტატიაში ჟურნალისტი ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, სანდრო კვიტაშვილს, არარაობად მოიხსენებს და წერს, რომ გვამებით ვაჭრობას სწორედ კვიტაშვილი ლობირებდა მინისტრობის დროს.
გამოცემა პირდაპირ ადანაშაულებს სააკაშვილის ოჯახსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს გვამებით ვაჭრობაში და ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული სქემა „წარმატებით გამოიცადა ამა წლის თებერვალში, როდესაც დებალცევოსთვის გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლისას უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 82 უკრაინელი ჯარისკაცი“.
მძიმე ბრალდებების გასამყარებლად გამოცემას არ მოჰყავს არც ერთი გადამოწმებული ფაქტი ან მტკიცებულება; ბრალდება წარმოდგენილია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით; მასალაში გამოყენებულია არაკორექტული, შეურაცხმყოფელი ტერმინები სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამავე დროს, მასალაში არ არის მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრის, სანდრო კვიტაშვილის ან მათი გარემოცვის კომენტარი, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რაიმე პასუხი მიეღო უმძიმეს ბრალდებებზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.