„მაესტროს ცხრიანში“ ტრაგიკული შემთხვევის მონაწილე ბავშვი იდენტიფიცირებული იყო
21.04.2015
19 აპრილს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი 15 წლის მოზარდის შესახებ. წამყვანი შესავალ ტექსტში მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ბავშვი აივნიდან გადახტა. იგივე მეორდება სიუჟეტის ტექსტშიც.

„მესამე მიკრორაიონში, მეთორმეტე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 15 წლის მოზარდი გადახტა“, - ჟურნალისტი სიუჟეტის დასაწყისშივე ასახელებს არასრულწლოვნის მისამართს. მოგვიანებით კი ბავშვის სახელი და გვარი სრულადაა იდენტიფიცირებული. სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი მოზარდის დაა, ტიტრში მითითებულია მისი სახელი და გვარი.

„ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მამაჩემმა გადმოაგდო ბავშვი და შემდეგ მოიკლა თავი, რაც არის სრული აბსურდი. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჯერ მამაჩემმა მოიკლა თავი და გიორგიმ, ანუ ჩემმა ძმამ, შიშის ნიადაგზე გადაწყვიტა თავის მოკვლა“ - ამბობს რესპონდენტი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #44 მუხლში, რომელიც არასრულწლოვნის დაცვის საკითხებს ეხება, ვკითხულობთ: „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.

ხოლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #8 პრინციპში აღნიშნულია: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არგამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლისან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ