14.05.2015
სტატია იწყება ფაქტის გადმოცემით, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, კარალეთის სკოლის მოსწავლეებმა გონება დაკარგეს. ათი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
სტატიის ავტორი წერს, რომ საკვებით ან წყლით ინტოქსიკაციის ვერსია ლაბორატორიულად არ დადასტურდა. აქვე ჟურნალისტი გოგონების მოწამვლის მიზეზების დაუზუსტებელ ვერსიებსაც გვიზიარებს - „გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს“. დაუზუსტებელი ინფორმაცია გამეორებულია გორის რაიონის გამგებლისა და კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის კომენტარებში, რომლებიც საუბრობენ და მიანიშნებენ „ეჭვებზე“, რომ ბავშვებმა, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებები მიიღეს, რამაც მათი გონების დაკარგვა გამოიწვია.
„მედიკოსები ამბობენ, რომ მოწამვლის ან ინტოქსიკაციის ნიშნები არ არის. გაკეთდა წყლის ანალიზიც. საქმეში ჩართულია პოლიციაც. ეჭვი აქვთ, თვითონ ბავშვებმა ხომ არ მიიღეს რაიმე საშუალებები“, - ამბობს გამგებელი. „ვიცი, გავრცელდა ვერსია, თითქოს ბავშვებმა „პლანი“ მოწიეს და ცუდად ამიტომ გახდნენო. აქ მაინც სოფელია, ყველა ყველას იცნობს, არა მგონია. თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრციხავ“, - დასძენს დირექტორი და სტატიაც ამ სიტყვებით მთავრდება.
სტატიაში მოცემულია არასრულწლოვანთა კომენტარებიც. მოსწავლეები ნარკოტიკული ნივთიერებების რაიმე ფორმით მიღებას უარყოფენ. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია“, - ამბობს ერთ-ერთი.
სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვნები არიან გამოსახული. თუმცა, ამ შემთხვევაში, უხარისხო ფოტოსურათის გამო, ბავშვების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 მუხლის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები;მან უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.
ამავე დროს, ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.