„ნორმალური და არანორმალური ცოდვები“ “სხვა რაკურსში”
11.05.2015
7 მაისს ტელეკომპანია „იმედმა” გადაცემა „სხვა რაკურსი” 7 მომაკვდინებელ ცოდვას” მიუძღვნა. გადაცემის წამყვანმა და სტუმრებმა დიდი დრო დაუთმეს 7-დან ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე - სიძვაზე მსჯელობას. გადაცემის ამ ნაწილში რესპონდენტები იყენებენ სტერეოტიპულ გამონათქვამებს, რომ ჰომოსექსუალიზმი მომაკვდინებელი ცოდვაა, არასამთავრობო სექტორი ხელს უწყობს ჰომოსექსუალიზმის დემონსტრირებას, კანონი კი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში “ჩვეულებრივ” მოქალაქეზე მეტად ჰომოსექსუალს იცავს.

“აი, მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან და მოთხოვნილება აქვთ. მე არ ვამბობ სექსმუშაკებზე, არ ვამბობ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სექსით ფულის გამო არიან დაკავებულები, მოდი ასე ვიტყვი ეკლესიურად, სიძვის დემონი ვისაც აქვს შეჩენილი, რა უნდა ქნას იმ ადამიანმა? როგორ უნდა ჩააცხროს ეს?” - ეკითხება გადაცემის წამყვანი სტუდიაში სტუმრად მოწვეულ არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილს.

ანთიმოზ ბიჩინაშვილი პასუხობს: “გავყოთ ჯერ სიძვა მრუშობისაგან. სიძვა არის, როდესაც უქმრო და უცოლო ადამიანები კონტაქტს ამყარებენ, ამას ჰქვია სიძვა. მრუშობა ჰქვია, როდესაც ან ცოლიანი, ან ქმრიანია მეორე მხარე. მრუშობა და სიძვა ნორმალურ ცოდვად ითვლება. არანორმალურ ცოდვაში შედის ჩუკენობა, ლესბოსელობა, პედოფილობა, მამათმავლობა, ზოოფილობა და ა. შ. ეს არანორმალურ ცოდვებში შედის. ნორმალურში შედის სიძვა-მრუშობა და დანარჩენები არანორმალურში”.

შალვა რამიშვილის კომენტარის პასუხად, რომ “21-ე საუკუნეში ადამიანის სექსუალური მიკუთვნება არ უნდა განიხილებოდეს”, ერთ-ერთი სტუმარი (მანჩო გიორგობიანი) ამბობს. “ჩვენ არ განვიხილავთ, მაგრამ ენჯეო-ები განიხილავენ იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა. ხდება დემონსტრირება მუდმივად... ვთქვათ, შალვა არის ჰომოსექსუალი. კონფლიქტს ქმნის კანონი, როდესაც აკეთებს სეგრეგაციას ჩვენ შორის და შალვა სარგებლობს ჩემზე მეტი უფლებებით. სამსახურიდან ორივეს რომ გვაგდებდნენ და შენ რომ თქვა, მე ვარ ჰომოსექსუალი და ეს ამიტომ მაგდებს, შენ დაგტოვებენ სამსახურში და მე გამაგდებენ”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას და ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ