20.05.2015
“დაწესებულებაში არსებული უთანხმოების გამო, საკუთარი უფლებამოსილების შესრულება ამ დრომდე არ დაუწყია ახლადარჩეულ ზაზა აბაშიძეს, რომელიც პროტესტს აჯანყებად აფასებს და აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ გაფიცული თანამშრომლები წინა დირექტორის - ბუბა კუდავას მხარდამჭერები არიან”, - აღნიშნა წამყვანმა. სიუჟეტში, გარდა თავად ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, საუბარი იყო იმაზეც, რომ ზაზა აბაშიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამ კონტექსტში “მოამბემ” აუდიტორიას მხოლოდ პოეტ დავით მაღრაძის პოზიცია გააცნო. მაღრაძემ აბაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, ცენტრის თანამშრომლებს კი პროტესტის ფორმა დაუწუნა:
“ზაზა აბაშიძე თავისი ერუდიციით, თავისი სამეცნიერო ღვაწლით, თავისი პიროვნული ღირსებით არის ის პიროვნება, რომელიც კრიზისიდან, ვფიქრობ და მჯერა, გამოიყვანს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება პროტესტს, ამას აქვს სხვადასხვა ფორმები: ეს ფორმა ჩემთვის საერთოდ გაუგებარია იმიტომ, რომ არავინ ჩათვალოს, რომ ხელნაწერები მარტო იმ თანამშრომლებს ეკუთვნის, ვინც ამ ეროვნულ ცენტრში მუშაობენ”, - უთხრა დავით მაღრაძემ “მოამბის” კორესპონდენტს.
მაყურებლისათვის მხოლოდ ამ კომენტარის მიწოდებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას მხოლოდ ზაზა აბაშიძეს უცხადებენ და სრულად ეთანხმებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებას, არადა, ჯერ კიდევ 2 მაისს ბუბა კუდავას ცენტრის დირექტორობის პოზიციაზე დატოვების მოთხოვნით ინტერნეტში მანიფესტი გავრცელდა, რომელსაც სხვებთან ერთად არაერთი პოეტი, მწერალი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე აწერს ხელს (18 მაისის მდგომარეობით სულ 3246 ადამიანი).
საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 12 მარტს მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის IV თავის მე-15 მუხლში ნათქვამია: “ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა”. ასევე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში ხაზგასმულია: “პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა”.