17 მაისი ონლაინ მედიაში
19.05.2015
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში მშვიდობიანი აქცია რამდენიმე ადგილას ჩატარდა. ონლაინ მედიამ საკმაოდ დაბალანსებულად გააშუქა ამ დღის მოვლენები. 17-18 მაისს ვაკვირდებოდით 8 ონლაინ გამოცემას: netgazeti.ge, liberali.ge, ick.ge, gurianews.com, info9.ge, ambebi.ge, ipn.ge და geworld.ge.

უნდა აღინიშნოს ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ აქტიურობა. მათ რამდენიმე მასალა მიუძღვნეს ამ დღის მოვლენებს. გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სხვადასხვა ადგილას ჩატარდა, ნეტგაზეთმაც მკითხველს ყველა წერტილიდან შესთავაზა ე.წ. „ნიუსები“ და ვიდეოსიუჟეტები. აღსანიშნავია საკმაოდ ინფორმაციული ინფოგრაფიკაც, საიდანაც მკითხველს შეეძლო გაეგო, როგორ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა, რატომ 17 მაისი, საქართველოში როდის აღინიშნა პირველად ეს დღე და ასე შემდეგ.

17 მაისს ევროკავშირის ოფისის წინ ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ და ბასილ მკალავიშვილმა გააპროტესტეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ. ნეტგაზეთის გარდა, ეს აქცია ჩვენი დაკვრივების ქვეშ მყოფ არც ერთ ონლაინ გამოცემას არ გაუშუქებია. მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან“, რედაქციამ სათაურშივე შეაფასა აქცია „ჰომოფობიურად“, რითიც ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, გაემიჯნა ჰომოფობიას და დააფიქსირა თავისი პოზიცია.

აღსანიშნავია ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ აქტიურობაც. მათ ყველა „ცხელი წერტილიდან“ მიაწოდეს მკითხველს სიახლეები. მასალებს თან ერთვოდა ფოტოებიც მოვლენის ადგილიდან.

საშუალო ინტენსივობით გააშუქა 17 მაისის მოვლენები საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და აქციებს რამდენიმე ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.

17 მაისის მოვლენები, ვერ მოხვდა „კახეთის საინფორმაციო ცენტრისა“ და „გურიანიუსის“ ვებგვერდებზე.

ონლაინ გამოცემა „geworld.ge-მ“ კი მხოლოდ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ლევან ვასაძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, მან გამოიყენა სიძულვილის ენა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს პერვერტები უწოდა. მისი აზრით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა: „ჩვენ ბრბო გვიწოდეს. ორგანიზებული შეტევა ქართულ ეკლესიაზე, მისი დისკრედიტაციის მიზნით და ეკლესია იქით ეხმარებოდა ძალადობის შემცირებას. ევროპულმა სასამართლომ საქართველო ამ მოვლენებისთვის 33 ათასი ევროთი დააჯარიმა. მე, როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში სრულიად უხეში ჩარევაა“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ