ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება ick.ge-ზე
19.05.2015
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით: “სოფელ გურჯაანში მამამ 3 მცირეწლოვანი შვილი სასტიკად ცემა”. სტატიას ახლავს ვიდეო, რომელშიც იდენტიფიცირებულია სოფელი, სადაც ამბავი მოხდა, ბავშვების პაპა და მეზობლები, ნახსენებია ოჯახის გვარი, რაც ბავშვის იდენტიფიცირების საფრთხეს ქმნის.

“25 წლის მამაკაცმა სამი არასრულწლოვანი შვილი ცემა. გავრცელებული ინფორმაციით 2 მამაკაცის გერია, ერთი კი ბიოლოგიური შვილი. განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ სამკურნალოდ თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა”, - ამბობს ჟურნალისტი ვიდეოში.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება დაუშვებელია.

გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, მუხლი 16 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომლებიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს: "ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით";
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ