ჰომოფობია „ასავალ-დასავალში“
02.06.2015
25-30 მაისის ნომერში „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორესთან (გიგნაძე) ინტერვიუს, სათაურით: „მამა თეოდორე: ამ ადამიანების ანათემაზე გადაცემა შეიძლება, მაგრამ ეს პატრიარქმა და სინოდმა უნდა გადაწყვიტონ“.

ჟურნალისტი კითხვების დასმისას სიძულვილის ენას იყენებს. ერთ-ერთი შეკითხვიდან ჩანს, რომ მას „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ მოსწონს.

„მამა თეოდორე, როცა ლგბტ აქტივისტები სიბილწის პროპაგანდას ეწევიან, როცა მათ სიბინძურეს ბავშვები, ჩვენი დედები, და-ძმები უყურებენ, ჩვენ რა უნდა ვქნათ, შევეგუოთ მათ აღვირახსნილობას და თავდახრილებმა ვთქვათ, რომ მათ ეს ყველაფერი „ანტიდისკრიმინაციული კანონით“ აქვთ გარანტირებული?“ - კითხულობს ჟურნალისტი, რაზეც სასულიერო პირი პასუხობს, რომ „ამის შეგუება ყოვლად დაუშვებელია! ამ საშინელებას ქართველი ხალხი არ ეგუება...“

ინტერვიუს ჟურნალისტი ასეთი შეკითხვით ამთავრებს: „ნუთუ არ შეიძლება, მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანათემას გადასცეს ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართველ ერს ფასეულობები, რელიგია, მენტალიტეტი შეურყვნან, წაუბილწონ და გაუთახსირონ?“

პასუხად რესპონდენტი აცხადებს, რომ ამ ადამიანების ანათემაზე გადაცემა შეიძლება, მაგრამ ეს პატრიარქმა და სინოდმა უნდა გადაწყვიტოს.

ინტერვიუ გაფორმებულია პარლამენტის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ლიდერის, ირაკლი ვაჭარაძის, ფოტოებით. ამასთან, ტექსტში ირაკლი ვაჭარაძე ნახსენები არ არის. ჩიორა თაქთაქიშვილს კი ჟურნალისტი ერთ-ერთ შეკითხვაში ახსენებს: „პარლამენტარმა და ნაცმოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოს ეკლესიის მოქმედებას უწოდა სამარცხვინო - ჰომოფობიის მსოფლიო დღეს, 17 მაისს რატომ დაამთხვიეთ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაო! ამაზე რას იტყვით?“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ