რესპონდენტის მონათხრობის ფაქტად წარმოჩენა „მაესტროზე“
02.06.2015
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 30 მაისს გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, „ის პიროვნებები, რომლებიც 2012 წლამდე კუდის თანამშრომლები იყვნენ და კახეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, დღეს თანამდებობებს იკავებენ“.

სიუჟეტის მიხედვით, კახეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის მტკიცებით, 2010 წელს მას კუდის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძის კაბინეტში „აფხაზეთის რადიოსთვის“ გადასაცემად ფულის მიტანა მოსთხოვეს. თანხის ნახევარის მიტანის შემდეგ კი ის დაიჭირეს.

ჟურნალისტი, როგორც დადასტურებულ ფაქტს, ისე ჰყვება, რომ მეგუთნიშვილს „თელავის მაშინდელი პოლიციის უფროსი აკა საჩიშვილი და მისი თანამშრომლები წყლის ბოთლებით გაუსწორდნენ. ფიზიკურ ზეწოლაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი და კუდის სამმართველოს უფროსი ზაზა ლალიაშვილი.“

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დავით ლორთქიფანიძე და ზაზა ლალიაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის იყვნენ დაკავებულები შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სიუჟეტში ჩანს, რომ თავად მეგუთნიშვილიც თავისუფალია, თუმცა მისი საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულებულა.

ჟურნალისტის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ახმეტა-თელავის კუდის უფროსი ზაზა უზუნაშვილი, რომელიც მეგუთნიშვილის ქონების წართმევაში მონაწილეობდა კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა,“ აკა საჩიშვილი კი თელავის მერის მოადგილეა. ბიზნესმენი ალექსანდრე მეგუთნიშვილი ამტკიცებს, რომ აკა საჩიშვილს დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მფარველობს.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „მაესტროს“ გადამღებ ჯგუფს უზუნაშვილი ადგილზე არ დახვდა, აკა საჩიშვილი კი მეგუთნიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.“

მასალიდან არ ჩანს, რა კავშირში იყო რადიო „აფხაზეთის ხმა“ თანხის გამოძალვასთან, მათთვის გადასაცემად კუდი თანხას რატომ აგროვებდა. არ ჩანს რადიოს წარმომადგენლის კომენტარი - იცოდა თუ არა მან ამ ფაქტის შესახებ?

გაურკვეველი დარჩა დავით ლორთქიფანიძე და ზაზა ლალიაშვილი ამ საქმის გამო დააკავეს თუ მათი მხრიდან თანამდებობის გადამეტების კიდევ სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა? რას საქმიანობენ ახლა ისინი? რას ეყრდნობა ჟურნალისტი გარდა ალექსანდრე მეგუთნიშვილის მონათხრობისა, როდესაც ის კუდის მაღალჩინოსნების მხრიდან ბიზნესმენზე ფიზიკურ ძალადობაზე, როგორც უტყუარ ფაქტზე, ისე საუბრობს?

მეგუთნიშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ მის მსგავსად, სხვა ბიზნესმენებსაც სძალავდნენ ფულს. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა რომელიმე მათგანთან დაკავშირების და მეგუთნიშვილის სიტყვების გადამოწმების. სიუჟეტში ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონია დეპუტატ ირაკლი სესიაშვილსაც, რომელსაც აკა საჩიშვილის მფარველობაში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანხმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.

ჯეროვანი სიზუსტის დაცვას და გადამოწმებას ავალდებულებს ჟურნალისტს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც“. ამავე დოკუმენტში, გარდა სიზუსტისა, ნათქვამია, რომ პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ