მარიხუანის მოწევის კადრები მოამბეში
02.06.2015
მარიხუანის დეკრიმინილიზაციის თემას 29 მაისს „მოამბემ“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. პარლამენტის წევრის, გოგა ხაჩიძის, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს არსებული საკანონმდებლო სანქციების შემსუბუქებას - დეპუტატი ფიქრობს, რომ მარიხუანას მოწევის გამო მოქალაქეები უნდა ჯარიმდებოდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწევდეთ საპატიმროში რამდენიმეწლიანი სასჯელის მოხდა.

„მოამბემ“ სიუჟეტის პირველი წამებიდანვე აჩვენა, თუ როგორ ამზადებენ მარიხუანას მოსაწევად, შემდეგ კი აუდიტორიამ მსუბუქი ნარკოტიკის მოწევის კადრებიც რამდენჯერმე ნახა.

„მოამბეში“ ზემონახსენები კადრების ჩვენებით მაუწყებელთათვის წაყენებული რამდენიმე ნორმა დაირღვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006 წელს მიღებული დოკუმენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი - პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებში“ . დოკუმენტის 16.5 თავში ხაზგასმულია, რომ ბავშვები განსაკუთრებით არიან მიდრეკილები მიმბაძვებლობისკენ და ამიტომ სახიფათო, მათი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, განვითარებისთვის საზიანო ქმედებების ასახვა დაუშვებელია: „ბავშვები ხშირად სხვებს ბაძავენ, ნანახ ქმედებას იმეორებენ. ისეთი ქმედება ან მეთოდი, რომლის გამეორებაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის, არ უნდა გადაიცეს საბავშვო გადაცემებში ან წყალგამყოფამდე ტრანსლირებულ გადაცემებში. დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენების, თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლური სასმელების მიღების ჩვენება საბავშვო გადაცემებში“.

მართალია, „მოამბე“ საბავშვო გადაცემა არ არის, მაგრამ ყოველდღიურად, საღამოს 8 საათზე გადის, რა დროსაც ადვილი შესაძლებელია, პროგრამას ბავშვებიც უყურებდნენ. აქვეა მეორე დათქმაც, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია მოცემული. დოკუმენტის 42-ემუხლის პირველი პუნქტი: “დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების ,ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00საათამდე ან საბავშვო პროგრამებში“.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ