არაოფიციალური "ვერდიქტი" "მაესტროზე"
12.06.2015
10 ივნისს “მაესტროს” მთავარ გამოშვებაში ახალციხის მერიაში საბიუჯეტო სახსრების შესაძლო გაფლანგვის ფაქტს სიუჟეტი მიეძღვნა. საქმე ეხება 2014 წლის დეკემბერში, ახალციხის მკვიდრის,სერგეი აკოფიანისთვის, მერიის მიერ საკონპენსაციო თანხის - 150 ათასი ლარის გადახდას.

ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ეჭვობენ, რომ მერიამ მოქალაქეს ფარული მოლაპარაკების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გადაუხადა. აკოფიანის ყოფილი მეზობლები აცხადებენ, რომ 1903 წელს აშენებული სახლის მეპატრონე, თავის დროზე, საკუთარ უძრავ ქონებას 6 000 დოლარად აფასებდა და მათაც უკვირთ, თუ რატომ გადაუხადა მერიამ თითქმის 25-ჯერ მეტი თანხა მოქალაქეს.

წამყვანმა მომხდარი კორუფციად შეაფასა და სიუჟეტი ასე წარადგინა: “კორუფცია ნანგრევებში - რაში გახარჯა ახალციხის გამგებელმა 150 ათასი ლარი? ია თინიკაშვილი ახალციხიდან უკვე დაბრუნდა და ჩინოვნიკზე მოგვიყვება, რომელიც გულუხვი აღმოჩნდა”.

სიუჟეტის მიხედვით, ნამდვილად შედგა თუ არა კორუფციული გარიგება, ჯერ დადგენილი არ არის. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახური საქმეს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლებით, ამჟამად იძიებს და საბოლოოდ რა კვალიფიკაციით გაგრძელდება გამოძიება, ეყოლება თუ არა საქმეს ბრალდებულები ან მსჯავრდებულები, ან საერთოდ დადასტურდება თუ არა კორუფციის ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია.

სიუჟეტში ახალციხის ახლანდელი მერი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის - ის აკოფიანისთვის კომპენსაციის გადახდას სამართლიანობის აღდგენის პროცესს უკავშირებს, თუმცა სიუჟეტიდან ვერ ვიგებთ, რას გულისხმობს მერი, მაყურებელს მხოლოდ ინტერპრეტაციის საშუალება რჩება: იქნებ რაბათის რეაბილიტაციის დროს, აკოფიანს ქონების დაზიანების ან სახლის დანგრევის გამო, თანხა არ გადაუხადეს ან დამატებით რამე გარემოებაა, რაზეც სიუჟეტში საუბარი არ არის. ამასთან, ვიგებთ, რომ აკოფიანს საკომპენსაციო თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტისთვის 2013 წელსაც მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ