Geworld: „რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ „ფასეულობებს“, მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას“
09.06.2015
ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ აქვეყნებს ინტერვიუს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვართან, დეკანოზ დავით ლასურაშვილთან, რომელიც ინტერვიუში ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განწყობებს ავლენს.

„დღეს არაერთი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა თუ სხვა სახის გადახრები ავადმყოფობა არ არის, მაგრამ უნდა ითქვას,- თუკი ადამიანს რამე მსგავსი სახის გადახრების ნიშნები აღმოაჩნდება, მას გარკვეული გამოკვლევები და მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. ის არის ავად და ჩავარდნილია უმძიმეს ცოდვაში, ამიტომ აუცილებლად სჭირდება როგორც ფიზიკური, ასე სულიერი მკურნალობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის პროპაგანდა, რომ ეს არ არის არანაირი გადახრა. ეს რომ გადახრაა და ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნა, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დიდი ხნის წინათ დაასკვნეს“ - აცხადებს მამა დავით ლასურაშვილი გამოცემა „საქართველო და მსოფლიოსთვის“ 3 ივნისს მიცემულ ინტერვიუში.

ამავე სტატიაში დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროატლანტიკური სტრუქტურები ქართველი ერისა და მართლმადიდებლური ეკლესიისათვის საფრთხის შემქმნელ ორგანიზაციებადაა წარმოჩენილი.

„ევროპული და ამერიკული სტრუქტურები ამას განსაკუთრებით მოითხოვენ (ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას) წინააღმდეგ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ვერ გავხდებით ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი; ეს ნიშნავს, რომ გვაყენებენ არჩევანის წინაშე, ან უნდა მივიღოთ ის გარყვნილება რაც დასავლეთში ნორმადაა გამოცხადებული, ან გავქრეთ. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ადამიანების ცნობიერებაზე;“

სასულიერო პირი აქვე დასძენს: „უნდა ვიცოდეთ, რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ „ფასეულობებს“, მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას“ .

ანტიდასავლური და ჰომოფობიური გამონათქვამებია იმავე გამოცემის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გამოცემის რესპონდენტია წმ.მარინეს ტაძრის წინამძღვარი, მოძღვარი დავით ისაკაძე;

„ჩვენ ასეთი ევროპული და ამერიკული კანონები არ გვინდა, ჩვენ ისეთი კანონები გვინდა, რომელიც საღმრთო კანონებს დაექვემდებარება. ის ხელისუფალი, რომელიც ასეთ კანონებს იღებს (იგულისხმება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი) ჩვენთვის მიუღებელი იქნება და მას ყოველთვის ბრძოლას გამოვუცხადებთ“.

"ისეთი პიროვნება, როგორიც დღევანდელი სახალხო დამცველია, მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არ უნდა ინიშნებოდეს. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში ტრანსგენდერების ცხოვრების წესის დანერგვაზე ლაპარაკობს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?! ამით ის არღვევს ჩვენს უფლებებს არღვევს, ის ხომ სახალხო დამცველია, ანუ ჩვენი, ყველას დამცველია და არა ტრანსგენდერების წარმომადგენელი?! ჩვენც ხომ უნდა გვკითხონ, ამ საკითხზე რა აზრის ვართ, გვინდა კი ეს მოხდეს? (...) თუ ყველა საკითხს ასე მივუდგებით, უახლოეს მომავალში ტრანსგედერი პრეზიდენტი გვეყოლება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას ისიც მოითხოვს. თუ ბატონ უჩა ნანუაშვილს სურს, ქალბატონი კონჩიტა გახდეს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ ამას თავს ნუ გვახვევს".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ