სიუჟეტი მოპასუხე მხარის გარეშე
09.06.2015
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 7 ივნისს გავიდა სიუჟეტი ყალიონაშვილების ოჯახის შესახებ. ისინი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. სიუჟეტის თანახმად, ოჯახს თავის გატანა თვიდან თვემდე სოციალური დახმარებით უწევს. თუმცა წამყვანი იქვე ამბობს, რომ „დახმარებაზე მცხეთის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს, მიზეზად კი ტერიტორიის მათ ბალანსზე არარსებობას ასახელებს".

რესპონდენტის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, რომ უნდა „მიეტანათ საბუთი, რომ ტერიტორია ნამდვილად მცხეთას ეკუთვნის და მაგ შემთხვევაში დაგეხმარებითო“. ჟურნალისტი კი აღნიშნავს: „დახმარების პირობა არასდროს მიუღიათ“. სიუჟეტის დასასრულს კი „მაესტრო“ ეცადა გაერკვია თუ ვის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ყალიონაშვილები, თუმცა ზუსტი პასუხი ვერც ჩვენ მივიღეთ“.

მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, როგორ შეეცადა მაესტრო სიუჟეტის გმირების ამბის გარკვევას მუნიციპალიტეტში მაშინ, როცა ეთერში არ ჩანს მცხეთის მუნიციპალიტეტის რომელიმე წარმომადგენლის პასუხი ან რაიმე მცდელობა მათთან დაკავშირებისა. სიუჟეტში მხოლოდ ყალიონაშვილების ოჯახის წარმომადგენლები საუბრობენ. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, როგორ არის შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რომელ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ყალიონაშვილების საცხოვრებელი ფართი, ვისი პასუხისმგებლობაა ეს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რა რესურსი აქვს იმის, რომ ამ ოჯახს დაეხმაროს.

ჟურნალისტს ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ავალდებულებს როგორც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, ასევე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“. ქარტიის თანახმად, „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია".

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ კი ნათქვამია, რომ პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ