04.06.2015
„ლიბერალის“ გვერდზე ბავშვის ორი ფოტო გამოქვეყნდა, მათ შორის, მთავარ გვერდზე გამოტანილი იყო ახლო ხედით გადაღებული ფოტო.
ბავშვები ჩანდნენ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟშიც. EPN.GE -ს მასალაში კი, სამი სხავდასხვა ბავშვის ფოტოა გამოყენებული, ერთ-ერთ მათგანში, ბავშვს მარიხუანის ფოთლებით გაფორმებული პლაკატიც უჭირავს - წარწერით „არ დაიჭირო“.
“პირველ რიგში, ამ ასაკის ბავშვს ნაკლებად აქვს წარმოდგენა, თუ რა პროცესშია ჩართული, საინტერესოა იმავე სახის აქცია თამბაქოს შესახებ რომ ტარდებოდეს, ჩართავდა თუ არა მას მშობელი? ეს ხომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა არ არის? და მეორეც - როცა ბავშვი მონაწილეობს პროცესში, რაც მისი არჩევანი არ არის, მეტიც - წარმოდგენაც კი არ აქვს ამის შესახებ, ეს უფრო მისით მანიპულაციას ჰგავს”, - ამბობს მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, მანიპულირებს მედიაც, რომელიც ბავშვს მსგავს აქციაზე ფოტოს უღებს და შემდეგ აქვეყნებს: “რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მედიას, რა აქცენტის გაკეთებაც არ უნდა უნდოდეს, მთავარია ამისთვის ბავშვი არ გამოიყენოს. მითუმეტეს ბავშვი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია იქნება. შეიძლება ფოტოს ისე გადაღებაც, რომ არ ჩანდეს კონკრეტული არასრულწლოვანი. ამასთანავე, არ ვიცით მომავალში რა პოლიტიკური რეალობა იქნება ქვეყანაში ან რა ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვინ როგორ გამოიყენებს ამ ბავშვების ფოტოებს”, - ამბობს ცირამუა Mediachecker- თან საუბარში.