03.06.2015
“ხევსურეთში ამ წუთებშიც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლები ღვარცოფში მოყოლილ მეცხვარეს ეძებენ. თოვლის და მიწის მასის ქვეშ მწყემსი, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი”, - აღნიშნა წამყვანმა.
სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ მწყემსი საძოვარზე 1 კვირის წინ წავიდა. სამის დღის შემდეგ მას ძმამ მიაკითხა და ნახა, რომ ხეობა მთიდან წამოსული თოვლის და მიწის ნაშალით იყო სავსე.
სიუჟეტში ჩაწერილია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, სოფო კობაიძის, კომენტარიც. კობაიძე განმარტავს, რომ: “შსს-ს თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაჯდომა იყო შესაძლებელი. სამწუხაროდ, რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ვერტმფრენის დასმა. ჩვენმა თანამშრომლებმა 15 კმ ფეხით გაიარეს შემთხვევის ადგილამდე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ერთი პირი ითვლება დაკარგულად”.
სიუჟეტში არ არის დაზუსტებული, როდის მოხდა სტიქია სოფელ ხონესთან, შემთხვევის შესახებ როდის შევიდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შეტყობინებიდან რამდენი ხნის შემდეგ ჩავიდნენ მაშველები სტიქიის ზონაში, კონკრეტულად რა სამაშველო სამუშაოები ჩატარდა ადგილზე, რა გაირკვა ვერტმფრენიდან გარემოს დათვალიერების შემდეგ - მწყემსი და ფარა სტიქიას გადაურჩნენ, თუ ისინი ნამდვილად მთიდან წამოსული მასის ქვეშ მოჰყვნენ. მასალაში შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სტიქიის ზონაში მაშველების “დაუყოვნებელ” ჩასვლის და სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან არ არის გადამოწმებული.
სიუჟეტში არაფერია ნათქვამი სტიქიის გამომწვევი მიზეზებისა და მასშტაბის შესახებ - არ არის ჩაწერილი გარემოს დაცვის სამინისტროს კომენტარი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში აღნიშნულია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.