სააფთიაქო ნარკომანია და ფსიქოტროპული მედიკამენტები მედიის ობიექტივში
28.09.2015
25 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, საინფორმაციო პროგრამა “კურიერში”, გავიდა სიუჟეტი სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ.

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ 8 აფთიაქი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კანონისა და სანებართვო პირობების დარღვევით, ურეცეპტოდ გასცემდა მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე. კადრებში ახლო ხედით ჩანს ფსიქოტროპული მედიკამენტები და გარკვევით იკითხება მათი დასახელებები. “რუსთავი2-ის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში კი ჩამოთვლილია წამლების დასახელებებიც.

სიუჟეტში “რუსთავი 2” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას და ინფორმაციას იყენებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სააფთიაქო ნარკომანიის თემაზე ექსპერიმენტი ჩაატარა ტელეკომპანია “მაესტროს” მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამაც. “კონტაქტის” მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი აფთიაქში ერთ-ერთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს რეცეპტის გარეშე ყიდულობს. კადრებში ახლო ხედით ჩანს მედიკამენტი, გარდა ამისა, მას ჟურნალისტი ტექსტშიც ასახელებს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქმის უცვლელი სახით გამოაქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა: “info9-მ” და “ინტერპრესნიუსმა” . ორივე სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას თან ერთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების ამსახველი ფოტო, ტექსტში კი ჩამოთვლილია მათი დასახელებები.

"ხშირად ხდება, რომ ნარკომანიის საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში მომზადებულ კლიპებში აჩვენებენ როგორ მზადდება ნარკოტიკული საშუალებები, რომელ ინგრედიენტებს იყენებენ მის მოსამზადებლად და როგორ იკეთებს მას ადამიანი. ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალებები და მათი მომზადების შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი არ იყოს. მედიაში სააფთიაქო ნარკომანიაში გამოყენებული ფსიქოტროპული საშუალებები რეკლამირებული არ უნდა იყოს. ასეთი რეკლამა ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის, შესაძლოა, მაცდუნებელი იყოს," - ამბობს ილიას უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ჯანა ჯავახიშვილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ