24.09.2015
„კურიერის“ სიუჟეტში ქართველმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ზეწოლის შედეგად არ გაიზიარა, თავის მხრივ კი პრემიერს ამისკენ საქართველოში შვეიცარიის ყოფილმა ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა უბიძგა, რომელთანაც, ვეკუას ინფორმაციით, კიზილდაგს ახლო მეგობრობა აკავშირებს.
„კურიერის“ ინფორმაციითვე, ამ საკითხზე ვეკუა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს გიორგი გახარიას არაერთხელ შეხვდა, რომელმაც მას დაუდასტურა, რომ ბეხლერის ერთადერთი მოთხოვნა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა იყო. როგორც ვეკუა ამბობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე დღეში შეცვალა, „კურიერმა“ აუდიტორიას პრემიერის განცხადების მონაკვეთიც შესთავაზა, რომელიც მთავრობის მეთაურმა ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და სადაც განაცხადა, რომ შესაძლო კანონდარღვევას წილებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ.
გამართა თუ არა ნამდვილად გიორგი გახარიამ კონსულტაციები პრემიერთან ვეკუასა და კიზილდაგის დავაზე - „კურიერის“ კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან ბიზნეს ომბუდსმენმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტმა პასუხი ვერც საქართველოში კიზილდაგის წარმომადგენლისგან მიიღო. თუმცა „კურიერს“ არ უცდია, გადაემოწმებინა ინფორმაცია, მართლა იყო თუ არა საქმეში გარეული შვეიცარიის ყოფილი ელჩი გიუნტერ ბეხლერი. კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ვეკუა სწორედ მას ადანაშაულებს პრემიერის იძულებაში, ზეწოლა მოეხდინა სასამართლოზე. ბრალდების ადრესატს კი სიუჟეტში პასუხის გაცემის საშუალება არ მისცემია. გასაგებია, რომ ბეხლერის კომენტარი ადვილად მოსაპოვებელი არ იქნებოდა, მაგრამ სიუჟეტში მცდელობაც არ ჩანს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი ნათქვამია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 20,8: „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.
მუხლი 20,9: „მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამით“.
მუხლი 14, 4: . „არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია“.