25.08.2015
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ეთერში გასულ მასალათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„კურიერისერთ-ერთ გამოშვებაში ეთერში გავიდა მასალა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწოლოვანია. მასალაში იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ხოლო ინტერვიუს ფრაგმენტი უხეშად არღვევდა მის პირად ცხოვრებას. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, რამდენადაც მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით მსგავსი თემის გაშუქებას და ვაცნობიერებთ, რომ ამ ფაქტის ტირაჟირებამ შესაძლოა არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული მასალა უკვე ამოღებულია ჩვენი ვებ-გვერდიდან,"-აღნიშნულია „კურიერის“ მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
გოგონა იდენტიფიცირებულია სხვა მედიასაშუალებების მიერ ამავე თემაზე მომზადებულ მასალებში. მათ შორისაა Palitratv.ge, interpressnews.ge, kirispalitra.ge, etanews.ge, ambebi.ge.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.
იმავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.