თურქოფობია Geworld.ge-ზე
05.08.2015
4 აგვისტოს Geworld.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან, რომელიც პარტია „აღორძინების“ წევრი იყო. სტატიაში ჭიპაშვილი თავისი გამონათქვამებით თურქოფობიისა და თურქების მიმართ სტერეოტიპული აზროვნების გაღვივებას უწყობს ხელს. ჟურნალისტი კი, ინტერვიუში ამ საკითხზე არ რეაგირებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს აჭარის მოსახლეობა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ჭიპაშვილი პაუხობს:

„როდესაც აჭარიდან ჩემი მეგობრები მირეკავენ, იცით, რას მეუბნებიან? - თურქეთიდან გირეკავთო. აჭარა ფაქტობრივად, გათურქებულია“.

ჭიპაშვილის თქმით აჭარაში ადგილობრივი ბიზნესი, კაზინოები და სასტუმროები, ყველაფერი თურქების ხელშია. მათ საწარმოებში კი - ქართველები თურქებზე ნაკლებ ხელფასს იღებენ.

„იცით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების რეისები ისე აქვთ მითითებული, როგორც საკუთარი, შიგა რეისები. თბილისის აეროპორტი ხომ სააკაშვილმა თავიდანვე თურქებს ჩააბარა. იქიდან შემოსული თანხა, გარკვეული გადასახადების გარდა, თურქეთში მიდის.

როდესაც თურქების მიერ გახსნილ საწარმოში ქართველები გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თურქები, ესეც ხომ რაღაცაზე მეტყველებს?!“ - ამბობს ჭიპაშვილი.

რესპონდნეტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქებს ვერაფერს ეუბნება, რადგან „თურქი ცოტა სხვანაირია, ამ ყველაფერს „ცხვირში ამოგვადენს“.

ინტერვიუ სრულდება ჰამლეტ ჭიპაშვილის ფრაზით: „მთელი აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ