სტერეოტიპების გაღვივება ჩინელების მიმართ “ინფო 9-ზე”
13.10.2015
საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9-მ” 2015 წლის 9 ოქტომბერს ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ დისკრიმინაციული მასალის გავრცელებას. სტატია სახელწოდებით “ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს” სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ამ მასალით მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ სიძულვილის ენას, სტერეოტიპების გაძლიერებას და აგრესიის გაღვივებას საზოგადოებაში.

მასალაში ინფორმაცია, რომ ჩინელებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ძაღლი ელექტროსაყელურით მოკლეს, ხორცი კი მიირთვეს, ფაქტად არის წარმოჩენილი და თანაც ეს ფაქტი განზოგადებულია. ამ ინფორმაციით, კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ყველა ჩინელი მოიაზრება ძაღლის მოკვლასა და შეჭმაში ეჭვმიტანილად.

„ჩვენი მკითხველის წერილებიდან და სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინტერესს იწვევს გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ვანდალური ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ იქ დასახლებულმა ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი ელექტროსაყელურით მოკლეს, მისი ხორცი კი სადილად მიირთვეს”, - სტატიაში ეს ციტატა თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდიდან არის გადმოტანილი.

აღსანიშნავია სოფელ ზვარეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ვლადიმერ ტალახაძის განცხადება, რომელიც მდგომარეობას უფრო ამწვავებს, “ინფო 9” კი, მის კომენტარს უცვლელად ყოველგვარი კომენტარის გარეშე გვთავაზობს. კომენტარში ტალახაძე კვლავ განზოგადებულად, ჩინელებს აბრალებს მინერალური წყლებისთვის შემცველობის დაკარგვას.

,,პირადად მე გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი დაზუსტებით, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩინელები 2011 წლიდან აშენებენ სარკინიგზო გვირაბს. მათ თავიანთი საცხოვრებლები ააგეს სწორედ იმ ადგილას, სადაც მოგვეპოვება უნიკალური მინერალური წყლები. გვირაბის მშენებლობის გამო მიმდინარეობს აფეთქებები, რითიც შესაძლოა, სრულიად დაუკარგონ მინერალურ წყალს თავისი შემცველობა და უნიკალურობა. 2012 წლიდან ადგილობრივების გაპროტესტებით მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამის შემდეგ მათ შეუცვალეს მიმართულება გვირაბს, მაგრამ მათი საცხოვრებლები კვლავ იმავე ადგილზე რჩება”, - განაცხადა ვლადიმერ ტალახაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მეშვიდე მუხლის მიხედვით კი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

მედიის განვითარების ფონდი სახელმძღვანელოში „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში“ მედიასაშუალებებს ურჩევს თავიდან აიცილონ ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობისთვის, აღვივებდეს სიძულვილს, შეუწყნარებლობას მათ მიმართ, თესავდეს შუღლს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, იყოს დისკრიმინაციული ეთნიკური ნიშნით. ფონდი ასევე ურჩევს ჟურნალისტებს არ განაზოგადონ უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობა, ქცევა თუ ქმედება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე, თავი შეიკავონ პირის ეთნიკურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან. ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირებას საზოგადოებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ