თურქოფობია „შაბათის კურიერში“
29.09.2015
26 სექტემბერს, შაბათის „კურიერის“ ეთერი საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს დაეთმოთ. წამყვანმა სტუდიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ხიდაშელი და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი მიიწვია.

გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი კითხვა ირმა ინაშვილის მუსლიმი თემისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა. წამყვანმა მაყურებელს ირმა ინაშვილის ყურბან-ბაირამის დროს, მეჩეთსა და მის მიმდებარედ გადაღებული ფოტოები შესთავაზა, რის შემდეგაც ეთერში 2012 წლის ვიდეო ჩანაწერი გავიდა, სადაც ბათუმში შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს ირმა ინაშვილი მოუწოდებს, რომ არ დაუშვან ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. გაბუნია დაინტერესდა, სად იყო ინაშვილის პოზიცია გულწრფელი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში, სადაც საპარლამენტო კანდიდატმა რელიგიურ უმცირესობას დღესასწაული მიულოცა თუ ბათუმში, სადაც მხარდამჭერებს ამ რელიგიური უმცირესობის საკულტო ნაგებობის აშენების დაუშვებლობაზე ესაუბრობდა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ის თანმიმდევრულია მუსლიმებთან დაკავშირებით, მათ პატივს სცემს და ძმებად მიიჩნევს, თუმცა წინააღმდეგია, რომ ბათუმში, „თურქული ფულით“ მეჩეთი აშენდეს:

„ჩვენ არ გვინდოდა დაგვეშვა, ჩვენ ქართველ მუსლიმებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ და ახლაც ჩვენთან არიან, უცხო ქვეყნის, კონკრეტულად თურქეთის ფულით, თურქეთის წინადადებით, პროექტით აშენებული მეჩეთი ჩვენს ქვეყანაში, თორემ როცა ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ მეჩეთი, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს... თურქეთის მხრიდან აშენებული მეჩეთი არ გვინდოდა, ჩვენ არ გვინდოდა, ყოფილიყო თურქი რელიგიური მსახური ამ რელიგიურ დაწესებულებაში და სხვათა შორის, ვუსვამ ხაზს, რომ ქართველი მუსლიმები იდგნენ ჩვენს გვერდით და დაახლოებით 60 ათასი კაცი გამოვკითხეთ ბათუმში, მათ შორის ჩვენი მუსლიმი ქართველი ძმები და მათი დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო, თურქული ფულით, თურქეთის რეკომენდაციით აშენებულიყო იქ მეჩეთი“, - თქვა ინაშვილმა შაბათის „კურიერში“.

ამ საკმაოდ ვრცელი კომენტარის შემდეგ, გადაცემის წამყვანს რესპონდენტისთვის არ უკითხავს, თუ რატომ ფიქრობდა ასე საპარლამენტო კანდიდატი; ან ინაშვილის ასეთი განცხადება თურქოფობიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ხომ არ ქმნიდა, რაც თავის მხრივ, საქართველოში თურქების დისკრიმინაციას წაახალისებდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში მითითებულია: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“

ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ: „ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ