19.10.2015
წამყვანმა წარმდგენ ტექსტში განაცხადა, რომ პარლამენტარებმა მედიის საკითხებზე 5 სთ-ის განმავლობაში იკამათეს, თუმცა, ხანგრძლივმა დებატებმა საბოლოოდ შედეგი მაინც ვერ გამოიღო და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა “რუსთავი 2-თან” და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით ჩავარდა.
სიუჟეტი, რომლის სახელწოდებაა “მედიაში მიმდინარე პროცესები”, სინამდვილეში პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის განხილვისას მიმდინარე პროცესებს ასახავს. მასალაში, რომლის ქრონომეტრაჟიც თითქმის 4 წუთია, 9 დეპუტატის სინქრონია გამოყენებული. პარლამენტში გადაღებულ კადრებში ვისმენთ, რა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს გიორგი გაბაშვილი, ივანე კიღურაძე, აკაკი მინაშვილი, ეკა ბესელია, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, ზვიად ძიძიგური, ნუკრი ქანთარია და ზაქარია ქუცნაშვილი.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აცხადებს, რომ “ის, რაზეც დეპუტატებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იდებატეს, კენჭისყრაზე ჩავარდა” და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებულ განცხადების პროექტს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
სიუჟეტიდან “ქრონიკის” მაყურებელმა ვერ გაიგო, რა იყო “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის არსი “რუსთავი 2-თან” და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, რა განცხადების მიღებას ითხოვდა ის და რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის წინადადებას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ.