03.12.2015
მასალაში მოთხრობილი იყო თუ როგორ მუშაობენ სამთო გეოლოგები ამ ინსტიტუტში, რა განყოფილებები არსებობს და როგორ ფუნქციონირებს. დაახლოებით 8 წუთიანი სიუჟეტის ბოლო ნაწილში ჟურნალისტი ამბობს:
„ინსტიტუტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩარეცხილ კვლევით ინსტიტუტთაგან ერთ ერთია (კადრში ჩანს გუბე). 2006 წელს ჯერ ინსტიტუტის თანამშრომლები ჩარეცხეს, შემდეგ მათი კუთვნილი შენობა ფალიაშვილზე, რომლის მდებარეობაც და საბაზრო ღირებულებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებისთვის საინტერესო აღმოჩნდა“.
ჟურნალისტი ინსტიტუტის დირექტორზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინსტიტუტი აუქციონზე მათთვის შეუტყობინებლად გაიტანეს და მალევე გაყიდეს. ამავეს იმეორებს რესპონდენტი სინქრონშიც და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ამ ნაბიჯის გადადგმით უარი თქვა საკუთარ ქონებაზე.
სიუჟეტში ამ თემაზე სხვა რესპონდენტი არ საუბრობს. შესაბამისად, გაუგებარი რჩება როგორ „ჩაირეცხნენ“ ჯერ თანამშრომლები და შემდეგ შენობა. თუ „ჩარეცხვა“ შენობის აუქციონზე გატანაა, არ ჩანს კონკრეტულად ვინ, რომელმა ნახსენებმა „მაღალჩინოსანმა“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა დასაბუთება ჰქონდათ მაშინ და რა არგუმენტები აქვთ ახლა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. გაურკვეველი დარჩა, რა არის ახლა განთავსებული გაყიდულ შენობაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ავალდებულებს მაუწყებელს ქცევის კოდექსიც, სადაც ნათქვამია, რომ „ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.“