დაუბალანსებელი ინფორმაცია "P.S-ში"
02.12.2015
“რუსთავი 2-ზე” გადაცემა P.S- ში გავიდა სიუჟეტი სადაც საუბარი იყო მერიის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ. სიუჟეტის ავტორმა ყურადღება გაამახვილა საახალწლოდ ახალი განათებების შესაძენად ტენდერში ერთ-ერთი კომპანიის საეჭვო გამარჯვების ფაქტზე, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და თბილისის სხვადასხვა უბანში განსხვავებული ღირებულების საახალწლო ნობათის გაცემის შესახებ.

საახალწლო განათებების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტი ამბობს, რომ ტენდერში ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლისთვისაც ეს პირველი მოგებული ტენდერია, მანამდე კი მერიამ სატენდერო პირობები შუა გზაზე შეცვალა, შემდეგ კი ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

წყარო, რომელსაც ჟურნალისტი ეყრდნობა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორია”. ჟურნალისტის თქმით, “მედიატორის ინფორმაციით, შენიშვნები დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ სახელმწიფო აუდიტსაც დაუგროვდა, რომელმაც მერიის საქმიანობის შესწავლა ორიოდე თვის წინ დაიწყო და რასაც წინ უსწრებდა მთელი რიგი მაღალჩინოსნების სახლში გაშვება.”

თუმცა, სიუჟეტში არც აუდიტის სამსახურია ჩაწერილი და არც მერიის წარმომადგენელი, რომელიც დასმულ კითხვებს პასუხს გასცემდა.

სიუჟეტის ავტორს მერიისთვის არც იმ ნაწილში მიუცია საშუალება თავისი პოზიციის შესახებ ესაუბრა (ყოველი შემთხვევისთვის სიუჟეტში მცდელობა არ ჩანს), სადაც ჟურნალისტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს.

დაბალასების მცდელობა სიუჟეტის საახალწლო ნობათების შესახებ მომზადებულ ნაწილში იყო, სადაც საუბარია, რომ თბილისში რაიონების მიხედვით საახალწლო ნობათების ღირებულება განსხვავებულია. მაგალითად, სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისთვის გამგეობა 18 ლარის ღირებულების კალათას ყიდულობს, მაშინ როცა ვაკეში მცხოვრებთათვის 35 ლარი იხარჯება. მასალაში მხოლოდ ისნის რაიონის გამგებელია ჩაწერილი, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს, რომ სხვა გამგეობებს “ცოტა მეტი საშუალება ჰქონდათ ალბათ”. საბოლოოდ მაყურებელმა ვერ გაიგო, ზუსტად რამ გამოიწვია საახალწლო ნობათების ღირებულებაში სხვაობა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 14-ე მუხლი

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულმოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციისსისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ