15 წლის ორსულის ირიბი იდენტიფიცირება Palitra TV- ს სიუჟეტში
03.11.2015
PalitraTv-ზე გამოქვეყნდა სიუჟეტი სათაურით: „ღამის თბილისის ბავშვები: 15 წლის ორსული და არასრულწლოვნები, რომლებსაც მშობლები მოწყალების თხოვნას აიძულებენ“- მასალა ეხება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. სიუჟეტში არასრულწლოვნები ირიბად არიან იდენტიფიცირებულნი.

მიუხედავდ იმისა, რომ სიუჟეტის პირველივე გმირის ისტორიის განხილვისას ბნელი კადრებია გამოყენებული, მაინც შესაძლებელია რესპონდენტის იდენტიფიცირება მისი ხმით, სილუეტით და ჟურნალისტის მიერ გადმოცემული ინფორმაციით, კერძოდ, დაკონკრეტებულია ბავშვის სახელი, ასაკი და ის ტერიტორია, სადაც იგი ყოველდღე ღამის 2 საათამდე მოწყალებას ითხოვს.

ირიბი იდენტიფიცირების მაგალითს ვაწყდებით მაშინაც, როცა ჟურნალისტი 15 წლის ორსული გოგონას ისტორიას გვიყვება. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, მოზარდი შვიდი თვის ორსულია და თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს. თავად გოგონა დაფარულია, მაგრამ კადრში დაუფარავად ჩანს გოგონას დედა, რომელიც მოზარდის შესახებ ყვება.

გარდა ამისა, ყველა ინტერვიუ ჩაწერილია ფარულად, კადრები გადაღებულია მანქანიდან, შესაბამისად, საეჭვოა, რამდენად იყვნენ რესპონდენტები იმის შესახებ ინფორმირებულნი, რომ ჟურნალისტს ესაუბრებოდნენ და რომ მათი საუბარი მედიასაშუალების გვერდზე გასაჯაროვდებოდა.

სიუჟეტში პრობლემა - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სიღრმისეულად არაა წარმოჩენილი, არ ჩანს საახელმწიფოს, თემაზე მომუშავე ორგანიზაციების პოზიცია...

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლი: „ ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში სხვა ადამიანების ჩარევისაგან, ჭორისა და ცილსიწამებისაგან“.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრიციპები:

„ჟურნალისტი უნდა მოერიდოს ისეთი ფოტოებისა და ინფორმაციის გამოქვეყნებას ბავშვებისათვის განკუთვნილ მედია-სივრცეში, რომელიც საზიანო იქნება მათთვის“, ასევე, „ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი“.

„ჟურნალსიტები უნდა მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტრეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ