10.11.2015
წამყვანმა წარმდგენ ტექსტში აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ევროპარლამენტის სხდომაზე “ევროპის სახალხო პარტია” ცდილობდა საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით გაეტანა. თუმცა, რეზოლუცია 168 ხმით 122-ის წინააღმდეგ ჩავარდა, რისთვისაც უმრავლესობის ლიდერმა "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“26 ოქტომბერს ევროპარლამენტში ჩატარდა სხდომა, სადაც იყო მცდელობა, რომ საქართველოს შესახებ კვლავ ატეხილიყო აჟიოტაჟი და “ევროპის სახალხო პარტიის” მხრიდან იყო მეცადინეობა, გასულიყო საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური რეზოლუცია. ეს რეზოლუცია ჩავარდა 168 ხმით 122-ის წინააღმდეგ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობით და ძალიან დიდი გულწრფელობით უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს კოლეგებს, ევროპარლამენტარებს, ” - აცხადებს კვაჭანტირაძე.
ე.წ. კადრ-სინქრონის ტიპის მასალიდან “მოამბის” მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, რა შინაარსის იყო პოლიტიკური რეზოლუცია, რომლის გატანასაც ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტია” ცდილობდა და რატომ იყო ის “საქართველოს საწინააღმდეგო”, ან რა არგუმენტები ჰქონდათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც რეზოლუციის გასვლას ხმა არ მისცეს.