“სხვა რაკურსი” – “ადამიანები ლგბტ თემის წარმომადგენლები ხდებიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო"
11.12.2015
10 დეკემბერს, “სხვა რაკურსის“ ეთერი ლგბტ თემის ყოფილ წარმომადგენელს ( ასე უწოდებს ის საკუთარ თავს), გიორგი ჩხარტიშვილს დაეთმო.

გადაცემაში ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტრანსგენდერი და გეი სოციალური პრობლემის გამო გახდა. მან საკუთარი გამოცდილება და შეხედულება მთელ ლგბტ თემზე განაზოგადა და განაცხადა: “ადამიანები ლგბტ თემის წარმომადგენლები ხდებიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო”.

“სოციალური პრობლემების გამო თავი ლგბტ თემად ჩავთვალე. დღეს ადამიანები ლგბტ თემის წარმომადგენლები ხდებიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო. 15 და 14 წლის ბავშვები, რომლებიც სახლიდან გამოდიან, იძულებულები ხდებიან, რომ გახდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები. თქვენ არცერთი არ განეკუთნებით ამ თემს, რადგან თქვენი შინაგანი მე გყავთ დავიწყებული. მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომ შინაგანად აღიქვან ის, რაც არიან. მოვა პერიოდი და ვერცერთი ვერ იტყვის, რომ მე კარგად გავიარე ცხოვრება, მე სწორ გზაზე ვიდექი, ვინაიდან შინაგანად ისინი ყოველთვის დატანჯულები იქნებიან”- ამბობს გადაცემის სტუმარი.

გადაცემის წამყვანს და მის სტუმარს შორის ასეთი შინაარსის დიალოგი იმართება:

- დღეს შენ მამაკაცები აღარ გიზიდავს? - ეკითხება გადაცემის წამყვანი ჩხარტიშვილს.

- მამაკაცებისადმი მიდრეკილება - ეს ჩემი სოციალური პრობლემის ბრალია. შინაგანად ეს მე რა თქმა უნდა არასოდეს მიზიდავდა და არასოდეს არ მქონდა ამისკენ მიდრეკილება, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი იძულების გამო.

- ანუ ამას აკეთებდი ფულის საშოვნელად? ესე გამოდის!

- დიახ, მხოლოდ ფულის გულისთვის და ამას აკეთებს უმრავლესობა.

- როგორ? არ უნდათ და ფულის გამო?

- თქვენ არ იცით, უბრალოდ ვერ ხედავთ ადამიანის ფსიქიკას ... როდესაც 15 წლის ბავშვს სახლიდან გამოგაგდებენ, არ გექნებათ საჭმლის ფული, არ გექნებათ წასასვლელი არსად, როდესაც არა გაქვთ ელემენტარულად ჩაცმის და გარეთ გასვლის საშუალება, შენ იძულებული ხარ მოიძიო რაღაც ალტერნატიული მეთოდი და...

- შენ გინდა თქვა, რომ დღეს საქართველოში ვინც არის ლგბტ თემის წარმომადგენელი, ყველა ამ მდგომარეობაშია?

- დიახ, ყველა ადამიანი, ვინც არის ლგბტ თემის წევრი, შინაგანდ ვერ აღიქვამს რა არის.

- რა არის?

- არის ყველაზე დიდი ცოდვილი, იმიტომ, რომ ჩადის ისეთ რამეს, რაც არ დევს მის შიგნით, სულიერებაში. ძალიან დაფარულია, რასაც ვაკეთებთ.

მათ დათრგუნეს თავისი მამაკაცური მიდრეკილება. მათ დათრგუნეს თავისი შინაგანი მე რაღაცის გამო. ვერცერთი ლგბტ თემი ვერ იტყვის, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. არ არის სიყვარულის გრძნობა და სიყვარული ერთსქესიანთა ქორწინებაში ვერ არის. იმიტომაც არის, რომ ისინი ხანგრძლივვადიანი ურთიერთობისთვის ვერ არიან განწირულნი.

მე თვითგამორკვევის პროცესში მივხვდი რაც ვარ, მე ვარ ადამიანი, ყოველგვარი ცოდვების, ყოველგვარი სხვა მიდრეკილებების გარეშე. მე მინდა ვიცხოვრო ჩვეულებრივ, ისე როგორც ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები და არ მსურს ის, რასაც ვაკეთებდი. ეს ძალიან დიდი ცოდვაა...

მე არა ვარ ლგბტ, არასოდეს აღარ ვიქნები და არ მსურს დავუბრუნდე იმ ცუდ, ბინძურ ცხოვრებას, რა ბინძური ცხოვრებაც მქონდა.”

გადაცემის წამყვანს რესპონდენტისთვის არ უკითხავს, თუ რატომ განაზოგადა მან თავისი აზრი და შეხედულება მთელ ლგბტ თემზე, რა ფაქტობრივი დასკვნა ასაბუთებს მის მოსაზრებებს და ასეთი განცხადება ლგბტ თემის სტიგმატიზებას ხომ არ იწვევს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს უმცირესობის და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას და სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. იქვე ნათქვამია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში მითითებულია: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ: „ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ