უპასუხოდ დარჩენილი ბრალდებები რუსთავი 2-ის ეთერში
10.12.2015
8 დეკემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, მედიაბაზარზე რეიტინგების დამდგენი ახალი კომპანიის, "ტრი მედია ინტელიჯენსის" შესახებ. სიუჟეტში საუბარი იყო იმ ეჭვებზე, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ.

სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პალიტრა მედიის დამფუძნებლის, გიორგი თევდორაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი კავშირი ახალ კომპანიასთან, ტელევიზიების ნაწილს სამართლიანობის შესახებ უჩენს კითხვებს. თემას აგრძელებს "რუსთავი 2-ის" დირექტორი, ნიკა გვარამიაც:

"ის ადამიანები ვინც დამფუძნებლები არიან, ყოველ შემთხვევაში, თევდორაშვილი, კვირის პალიტრის წარმომადგენელი, მკაფიოდ აფილირებულია ბიძინა ივანიშვილთან და ჯერ ერთი მედიასექტორის წარმომადგენელია, რაც იმთავითვე ინტერესთა კონფლიქტს აჩენს, ნამდვილად საეჭვო არის ახალი მთვლელის შემოსვლა".

სიუჟეტში არ არის ნაჩვენები გიორგი თევდორაშვილის ან "პალიტრა მედიის" წარმომადგენლის კომენტარი. მასალაში არც იმის მცდელობა ჩანს, სცადა თუ არა ჟურნალისტმა მასთან დაკავშირება. მართალია მისი პარტნიორები სიუჟეტში საუბრობენ, თუმცა ისინი სხვა თემაზე საუბრობენ და არ პასუხობენ თევდორაშვილის მისამართით გამოთქმულ ეჭვებსა თუ ბრალდებებს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 20, 8: პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

მუხლი 15: მიუკერძოებლობის პრინციპი ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ მუხლში კი აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მუხლის განმარტების თანახმად, ზუსტ ინფორმაციად მიიჩნევა ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი და მოვლენ, ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ