09.12.2015
მასალაში არ ჩანს მოპასუხე მხარის (ილიაუნის ადმინისტრაციის) პოზიცია ან ჟურნალისტის მცდელობა, მოეპოვებინა მოპასუხე მხარის კომენტარი. წარმოჩენილია მხოლოდ არჩილ გამზარდიას მოსაზრება: „ილიაში გარკვეული სიახლეებია ბოლო პერიოდში, მაგალითად, შეიცვალა რექტორი, გიგი თევზაძე აღარაა, გიგა ზედანიაა, ხარისხის სამსახურის უფროსი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილია. [სამუშაო საათების შემცირება]მე მაინც დავუკავშირე იმას, რომ ჩემი GDS-ზე მუშაობის შემდგომ ადმინისტრაცია პოლიტიკური მოტივებით მიიჩნევს, რომ მე მათთან არ უნდა ვიყო. მე რომ „20/30“-დან წამოსვლის შემდეგ ყოფილი მმართველებისადმი სიმპათია გამომეხატა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ილიას უნივერსიტეტი აკადემიური თავისუფლებით ვეღარ დაიკვეხნის“.
გაზეთ „რეზონანსში“ კი, 9 დეკემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ სათაურით: „გამზარდია ამბობს, რომ ილიაუნიდან ივანიშვილთან თანამშრომლობისათვის გაუშვეს“. გამოქვეყნებულ მასალაში პრობლემა ცალმხრივადაა წარმოჩენილი.
ინტერვიუში წარმოდგენილია მხოლოდ არჩილ გამზარდიას მოსაზრება, ხოლო მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში ილიუნის ადმინისტრაციის პოზიცია არ ჩანს, ინტერვიუში ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, მოეპოვებინა მეორე მხარის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას უკავშირდება ფაქტი, რომ უნივერსიტეტი აღარ ითანამშრომლებს ლექტორთან, არჩილ გამზარდია პასუხობს: „დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ჩემს პოლიტიკურ აქტივობასა და განსაკურებით ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას უკავშირდება, ჩემთან მიმართებაში დამოკიდებულება სწორედ ამ ყველაფრის მერე შეიცვალა.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.