17.07.2017
სტატიაში, რომელიც 14 ივლისის “ქართველთა მარშს” მიეძღვნა, რუსული მედიასაშუალება Lifenews ამბის მიმოხილვასთან ერთად წერს:
“საიდუმლო არაა, რომ ბოლო დროს თბილისის ცენტრში ბოლო წლებში გახსნილი ათეულობით თურქული და არაბული ბარი, კლუბი და მსგავსი დაწესებულებები, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის სექს ტურიზმის არენას წარმოადგენს”.
ჟურნალისტი პარალელს ავლებს კუბასთან, სადაც ე.წ. მშრალი კანონის დროს, ბატისტას მმართველობისას, ამერიკელები კუბაში თავისუფალი გართობის მიზნით ჩადიოდნენ.
“სწორედ ასეთი ადგილი გახდა საქართველო თურქებისთვის, ირანელებისთვის, არაბებისა და ინდოელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ XVI–XVIII საუკუნეებში თურქებისა და ირანელების მმართველობა, და პირდაპირი მნიშვნელობით გაქრობისაგან, ისინი სწორედ რუსეთის იმპერიამ იხსნა”.
Lifenews-ის აღნიშნული სტატია არაერთმა სხვა რუსულმა მედიასაშუალებამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ქსენოფობიური “ქართველთა მარშის” რუსულ მედიაში გაშუქებას ახლდა, არის ის, რომ “საქართველოს აქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა უცხოელების ქვეყანაში შეშვების მიმართ და ბოლო დროს მნიშვნელოვნად მომრავლდა საჩივრები განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა მიმართ”. რა თქმა უნდა, ასეთ სტატიებში არ ჩანს არც კონკრეტული რიცხვები და ოფიციალური მონაცემები მსგავსი საჩივრების, ან უცხოელთა მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც 2016 წელს დანაშაული ჩაიდინეს, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან თავად რუსეთის მოქალაქეები.
რამდენიმე მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწერა შოთა აფხაიძესთან, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციებში წარმოდგენილია როგორც “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორი.
შოთა აფხაიძე აღნიშნულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართველთა მარშს” საზოგადოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ეკლესია უჭერდა მხარს. შოთა აფხაიძის ქსენოფობიური მოსაზრებების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორთა მომრავლების შემდეგ, ქვეყანაში იმატა ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებმა. სხვა მოსაზრებების მსგავსად, აღნიშნულიც არ არის გამყარებული რაიმე ოფიციალური მონაცემებით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.
აფხაიძე ასევე საუბრობს აჭარის “თურქეთიზაციაზე” და “ოსმალების” გავლენის აღდგენაზე. აფხაიძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეხება რუსეთსა და მის მხსნელად წარმოჩენას. შოთა აფხაიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ძმათამკვლელ ომს და ორივე მხარის შეცდომად აფასებს.
“თუმცა, გავიმეორებ, რუსოფობია, გარდა ლიბერალებისა, ჩვენთან არ არის. ქართველი ერისთვის რუსეთი მთლიანად მისაღებია. არის ძალიან მარტივი ფორმულირება: რუსი რწმენით ჩვენი ძმაა, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო პირიქით, რუსები ჩვენი მხსნელები არიან”.
შოთა აფხაიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სადისკუსიო კლუბმა “კონსერვატორმა”. აღნიშნული კლუბი წერს, რომ “ქართველთა მარშზე” უცხოელების წინააღმდეგ თბილისში 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რუსულმა მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “ქართველთა მარშის” წარმომადგენლების მიერ “ევროპული საქართველოს” მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას. ახალი ამბების უმეტეს ნაწილში წარმოჩენილი იყო, თუ როგორი “საკადრისი პასუხი” გასცეს ქართველმა ნაციონალისტებმა “ლიბერალ რუსოფობებს”.