ეჭვიანობა, როგორც მკვლელობის საფუძველი - როგორ არ უნდა გაშუქდეს ფემიციდი
10.08.2017
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. მედიასაშუალებების უმრავლესობამ დაწერა, რომ ქალის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა იყო. მათი ნაწილი უფრო შორსაც კი წავიდა და ფეისბუკით გავრცელებული ჭორებიც კი გამოაქვეყნა იმის შესახებ, კონკრეტულად რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა. იქვე მითითებული იყო, რომ “კაცი ჭკუიდან გადავიდა”, რის გამოც, მკვლელობა ჩაიდინა.

ერთ-ერთი ასეთი მასალის კომენტარებში მკითხველთა ნაწილი ქალს კიცხავდა და დანაშაულში ბრალდებულ ქმარს თანაუგრძნობდა. ამ დროის მონაცემებით, მასალები ხელმისაწვდომი არ არის, წაიშალა თუმცა, არაერთი ონლაინ გამოცემისა და ტელეარხის ვებსაიტზე შეხვდებით ინფორმაციას ამ მკვლელობის შესახებ, სადაც სავარაუდო მოტივად ეჭვიანობაა დასახელებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული მედიასაშუალებების ნაწილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მიზეზების ძიებისას, მთავარ მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. ონლაინ სივრცეში ასეთი ათეულობით ფაქტის მოძიება შეიძლება.

ფემიციდი, ანუ ქალის მკვლელობა მისი სქესის გამო, საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. შესაბამისად, მსგავსი ამბები სულ უფრო ხშირად ხვდება მედიაში. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეიმუშავა გენდერული საკითხების გაშუქების სარეკომენდაციო დოკუმენტი. აღნიშნულ რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორედ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ეთიკურად გაშუქების წესებს.

ამ წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ფემიციდის გაშუქებით ხელი არ შეუწყოს მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, ჟურნალისტი უნდა მოერიდოს დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით ის უნებურად მიანიშნებს იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.

ამავე რეკომენდაციაში ასევე ვკითხულობთ: “ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. მოძალადეთა უმეტესობა ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორია. ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებს ასევე ურჩევს, გააშუქონ ფემიციდის გამოძიებისა და სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგები. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისჯება დამნაშავე და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

თეგები : სტერეოტიპები;
ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ