08.09.2016
სხვადასხვა კუთხეში გადაღებული კადრები ინტერვიუს განმავლობაში გვიჩვენეს. მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რომ დაბრუნდეს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ „საქართველო მიშას გარეშე იღუპება“, რომ „ეს ხელისუფლება ნელ-ნელა გვკლავს“, რომ "მიშა ყველას ენატრება".
თავისმხრივ, რესპონდენტმა გაიხსენა სოფელ ცხრუკვეთში გატარებული ბავშვობა, როგორ თამაშობდა ფეხბურთს, როგორ დღესაც ახსოვს იმერული ხაჭაპურისა და ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდის გემო.
სააკაშვილმა ისაუბრა მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის პოლიტიკაში წასვლის შესახებაც. (ის კენჭს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის). მან აღნიშნა, რომ „სანდრას აქვს წარმოუდგენელი კაცთმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული“ , რომ მას აქვს მტკიცე, მებრძოლი და მდგრადი ხასიათი. შვილებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მისი შვილებიც კაცთმოყვარეები არიან, ეს კი სწორედ სანდრას დამსახურებაა.
რესპონდენტი ფაქტობრივად, მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რა პროექტები ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წუხილი გამოთქვა, რომ ახლა ეს პროექტები გაჩერებულია.
სტუმარი ყვება, როგორ გრძნობდა, რომ არჩევნებს წააგებდა და როგორ გადაუფრინა საქართველოს ვერტმფრენით, მივიდა სხვადასხვა რეგიონში და დაემშვიდობა სამშობლოს.
სარჩევნო კოდექსის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა იკრძალება. წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ: „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“. მართალია, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა აუდიტორიისთვის ის სწორედ ამ პარტიასთანაა ასოცირებული, არის დამფუძნებელი, მისი მეუღლე კი სწორედ ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის კენჭს.
გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მედიასაშუალებებმა საარჩევნო პროცესი მიუკერძოებლად უნდა გააშუქონ. ამ კონკრეტულ გადაცემაში კი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იყო პოზიტიურად გაშუქებული.