27.01.2017
„ეს [ნაციონალური მოძრაობის წევრები] არიან ადამიანები, ვინც არც ერთი ჩვენი ოფიცერი, გვარები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ დაინდეს, არც სიცოცხლე არ დაინდეს მათი, წამებაში ამოხადეს სული ადამიანებს“ - ამბობს გია ვოლსკი. ეს თემა მეორე სიუჟეტში გაგრძრელდა, სადაც აქცენტი გაკეთდა ყოფილი სამხედროების სერგო თეთრაძის, როინ შავაძის და გია კრილაშვილის საქმის დეტალებზე, საუბარი იყო იმაზე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ აწამეს და მოკლეს ზემოთ ჩამოთვლილი ყოფილი სამხედროები.
იმედის ჟურნალისტმა სერგო თეთრაძის, როინ შავაძის და გია კრილაშვილის შესახებ კითხვა დაუსვა ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მისულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „გია კრიალაშვილის, როინ შავაძის საქმეები გაიხსენეს და თქვეს, რომ ეს ადამიანები რეალურად ჩაცხრილეს, ხო?“ - დაინტერესდა ჟურნალისტი
გაუგებარი დარჩა, როგორ უკავშირდება გია ცერცვაძის საქმეს ყოფილი სახმედროების საქმეები, რატომ მოხდა მათი განხილვა ცერცვაძის საქმის კონტექსტში, რატომ გადაწვიტა ტელეკომპანიამ გია ვოლსკის მიერ ოპონენტების მისამართით ნათქვამზე ცალკე სიუჟეტის გაკეთება და თემაზე კითხვის მიხეილ სააკაშვილისთვის დასმა, რომელიც ცერცვაძის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. ცხადია, ყოფილი სამხედროების საქმეები მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნდოვანი დარჩა, რატომ ჰქონდა მას საინფორმაციო ღირებულება 26 იანვარს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტისთვის დასმული კითხვის და მომზადებული სიუჟეტის მიზანი, მაყურებელისთვის იმის შეხსენება იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს გია ცერცვაძის საქმის გამო ბრალდებებს ახლანდელ ხელისუფლებას უყენებს, თავად ასე ექცეოდა სამხედრო პირებს.
შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. მასზე ძებნა 2016 წელს ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა. ცერცვაძე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში. უკრაინის მთავარი პროკურორის გადაწვეტილებით, ცერცვაძე 26 იანვარს გათავისუფლდა. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა.