14.03.2017
„გზა, რომელიც საოკუპაციო საზღვრამდე მიდის - ზემო ნიქოზში დასრულებული სამუშაოებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სოფლის გზას ნაკლებად ჰგავს, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთო ავტომობილებზეც არის გათვლილი. ამიტომ, ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ საბოლოოდ ეს მაგისტრალი ცხინვალიდან მომავალ გზას დაუკავშირდება,“ - ამ სიტყვებით წარადგინა სიუჟეტი გადაცემის წამყვანმა დაწყებამდე.
სიუჟეტის დაწყებიდან რამდენიმე წამში ადგილობრივების კომენტარები ისმის, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ე.წ. დარიალის გზა იკეტება და შესაძლოა, ცხინვალის მიმართულებით ავტომობილებმა ახალდაგებული გზით იარონ. ჟურნალისტმა ადგილობრივების ვარაუდები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და თანასწორობის მინისტრთან გადაამოწმა. ყველა მათგანმა უარყო ინფორმაცია, რომ ეს გზა ცხინვალიდან მომავალ მაგისტრალურ გზას დაუკავშირდება.
„ოფიციალური უწყებების განმარტებები საეჭვოდ მიაჩნიათ ზემო ნიქოზში. ადგილობრივები კურიერთან ყვებიან, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული გზა არა ქართული სოფლებისკენ, არამედ ცხინვალისკენ მიდის. ამბობენ იმასაც, რომ გზის რეაბილიტაცია არ ხდება სოფელში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებთან, რაც კიდევ უფრო დიდ ეჭვებს აჩენს“ - ამბობს ჟურნალისტი და გვთავაზობს ადგილობრივის კომენტარს, რომელიც იმავეს იმეორებს, თუმცა ჟურნალისტი თავად არ მისულა იმ მნიშვნელოვან ობიექტებთან, რომელზეც კომენტარშია საუბარი და არ უჩვენებია, არის თუ არა იქ გზა გაკეთებული.
სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, საკუთარი თვალით გადაემოწმებინა სად მიდის გზა, არ იყო წარმოდგენილი გზის რეაბილიტაციის პროექტი/ნახაზი, რაც ნათელს გახდიდა, მართლაც უერთდება თუ არა ეს გზა ცხინვალის მაგისტრალს. არ ჩანდა ამ დოკუმენტების მოპოვების მცდელობა.
სიუჟეტიდან იკვეთებოდა, რომ გზა, რომელიც სიუჟეტის მიხედვით, სავარაუდოდ ცხინვალის მაგისტრალურ გზას შეუერთდება, პრობლემებს შექმნის ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა ამ საკითხის სიღრმისეული განხილვა არ მომხდარა, მაყურებელმა უშუალოდ სფეროს სპეციალისტებისგან, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისგან ვერ მოისმინა, თუკი მართლაც ასეა და გზა ცხინვალის მაგისტრალთან მიდის, რა კონკრეტული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის. სიუჟეტში თემა ერთი მხრივ საპარლამენტო უმრავლესობას, მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს შეაფასებინეს. გიორგი ბარამიძის აზრით, ამ გზის რეაბილიტაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ქვეყნის ღალატი იქნება, გია ვოლსკის თქმით კი, ზოგადად, კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში რაც მეტი გზა იქნება, უკეთესია, ამ ეტაპზე კი, კონკრეტულად ამ გზის ცხინვალის მაგისტრალურ გზასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების ან მოსაზრების არსებობას ვერ დაადასტურებს.
„ზემო ნიქოზისა და ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე ბოლოს და ისიც 2008 წელს რუსულმა ტანკებმა გაიარეს. მას შემდეგ რუსმა სამხედროებმა გზა მავთულხლართებით ჩაკეტეს,“ - ამ სიტყვებით დაამთავრა სიუჟეტი წამყვანმა.