რუსული პროპაგანდა გარე აუდიტორიისთვის
15.03.2017
იყო დრო, როცა რუსული პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რათა მოსახლეობაში ყოფილიყო ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობა და აქტუალობა უკვე დიდი ხანია ისევე გასცდა რუსეთის საზღვრებს, როგორც თავად რუსული პროპაგანდა. მის სამიზნეს უკვე არ წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის მოსახლეობა - ის მისწვდა ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის აუზის ქვეყნებს, სამხრეთ ამერიკას, არაბულ სამყაროს, აზიას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები მსოფლიოს ყველა წერტილში მუშაობენ. მაგალითად, Russia Today თითქმის ყველა ძირითად ენაზე მაუწყებლობს - ინგლისურად, ესპანურად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად და რა თქმა უნდა, რუსულადაც. რაც შეეხება ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ "სპუტნიკს", ის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში, ამდენივე ენაზე მუშაობს - დაწყებული ევროპა-კავკასიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკითა და აღმოსავლეთ აზიით.

რუსეთის საზღვრებს გარეთ მისი პროპაგანდის მასშტაბები იმდენად თვალსაჩინო, ხელშესახები და მრავალი პრობლემის გამომწვევი გახდა, რომ ევროპის პარლამენტმა მის წინააღმდეგ 2016 წლის შემოდგომაზე სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო. ამ დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რასაც პროპაგანდა იწვევს და ამავე კონტექსტში ერთად არის ნახსენები რუსეთი და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი პროპაგანდა ევროპულ მედიაში, რათა შექმნას თავისი პოლიტიკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრი და ევროპის ერთიან საგარეო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთი “აგრესიულად იყენებს” ისეთი პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა ორგანიზაცია “რუსკი მირი”, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები, მრავალენოვანი ტელეარხი “Russia Today”, ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები, ასევე სააგენტო “სპუტნიკი”. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მთავარი მიზანია, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ტრადიციული რელიგიური ღირებულებების ერთადერთი დამცველი, გაყოს ევროპა და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი. ევროპარლამენტმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაგეგმონ კოორდნირირებული სტრატეგია, რათა წინ აღუდგნენ დეზინფორმაციას.

რუსული პროპაგანდა დასავლეთში არაერთი ჟურნალისტისა და მკვლევარის დაკვირვების ობიექტი გახდა. სულ უფრო ხშირად და დეტალურად იწერება იმ ხერხებისა და მეთოდების შესახებ, რომლის საშუალებითაც ის მოქმედებს.

პირველი და უმთავრესი, რასაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აკეთებენ, ესაა დასავლური მეინსტრიმ მედიისგან განსხვავებული, ალტერნატიული რეალობის შექმნა და შემდეგ ამაზე განუწყვეტელი მსჯელობა. ამისთვის პროპაგანდა იყენებს შემდეგ საშუალებებს:


ამგვარი მესიჯების მიზანია არა იმის მტკიცება, რომ რუსეთი არის “კარგი”, არამედ ის, რომ სხვები მასზე არანაკლებ ცუდები არიან.

როგორც Pand Corporation-ის მკვლევარები ერთ-ერთ კვლევაში წერენ, Russia Today და მსგავსი პროპაგანდისტული არხების მიზანია ფაქტების გარშემო რაც შეიძლება ბევრი ცრუ, სავარაუდო ვერსია გაავრცელონ, რათა აუდიტორიაში დაბნეულობა გაიზარდოს. ისინი ცდილობენ, სხვებს დაასწრონ ახალი ამბავი და საინფორმაციო სივრცეში ამით დაიმკვიდრონ ადგილი, თუმცა არც ფაქტების გადამოწმება-დადასტურებისგან იწუხებენ თავს და არც - შეცდომის გასწორებისგან. მაგალითად, Russia Today-მ არაერთხელ გაავრცელა დეზინოფრმაცია იმის შესახებ, რომ ISIS-ის მებრძოლები უკრაინის სამხედროების მხარეს იბრძვიან უკრაინის აღმოსავლეთით, ასევე, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს უკრაინისგან ტერიტორიის გადაცემას და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში, მსგავსი დეზინფორმაცია მუშაობს და არც თუ იშვიათად, რესპექტაბელური, არაპროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ Russia Today-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რუსული პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ცრუ თვითმხილველების მონათხრობისა და ცრუ ამბების გაშუქება. ამ საქმეში Russia Today და "სპუტნიკი" მარტო არ არიან. მაგალითად, Zvezda Tv-მ გააშუქა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას სირიელი ლტოლვილი თავს დაესხა გერმანიაში, რაც რეალურად არ მომხდარა. რუსულმა ტელეარხებმა 2015 წელს აქტიურად გააშუქეს დონბასში, უკრაინის სამთავრობო ძალების დაბომბვის შედეგად 10 წლის გოგონას “დაღუპვის” ამბავი, თუმცა, BBC-მ გამოიკვლია, რომ ეს იყო სიცრუე და სინამდვილეში მსგავსი 10 წლის გოგონა არც არსებობდა.



ტრადიციული მედიასაშუალებების გარდა, რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს თავისი მიზენბისთვის. მაგალითად, მაშინ, როცა უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ყალბი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინელი ნაციონალისტები ბავშვებს ჯვარზე აკრავენ. მსგავს პირობებში სულ უფრო რთული ხდება სიცრუის სიმართლისგან გარჩევა - ამ გარჩევაში კი იკარგება დრო და რესურსები, ადამიანები მსჯელობენ ფაქტებზე, რომელიც არ არსებობს, იზრდება გაურკვევლობა, დაბნეულობა, სკეპტიციზმი, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსული პროპაგანდა თავის მიზანს ჯერჯერობით წარმატებით აღწევს. გამოყენებული მასალები http://smallwarsjournal.com/jrnl/art/nine-lessons-of-russian-propaganda http://www.stopfake.org/en/tag/russian-propaganda/ http://euromaidanpress.com/2016/05/05/a-guide-to-russian-propaganda-part-1-propaganda-prepares-russia-for-war/ http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=REPORT&reference=A8-2016-0290&language=EN https://www.bloomberg.com/view/articles/2016-11-28/how-russian-propaganda-really-works-in-the-west ფოტო: stopfake

თეგები : პროპაგანდა;
ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ