მედიაში იმ არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა, რომელსაც ცხენების ქურდობა ბრალდება
11.05.2017
მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია 15 წლის მოზარდის შესახებ, რომელსაც ცხენების ქურდობაში ადანაშაულებენ და რომელიც, ქურდობის საქმეზე მოწმის სახით, საგამოძიებო უწყებამ დაკითხა. სიახლეებიდან გავიგეთ, რომ ის დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მასალების ნაწილში მოზარდი სრულად იყო იდენტიფიცირებული, რაც ბავშვთა საკითხების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, დაუშვებელია.

რუსთავი 2 -ისა და „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში, GHN-ის, აქცენტის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის სიახლეებში ბავშვი სრულადაა იდენტიფიცირებული, ნათქვამია მისი სახელი და გვარი.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვებაში ბავშვის დედის, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ და „მაესტროს“ „კოტაქტში“ კი მოზარდის დის სინქრონები აჩვენეს. არასრულწლოვნის დის სახელი და გვარი ნახსენებია „ინტერპრესნიუსის“ სიახლეშიც. შესაბამისად, ბავშვის ოჯახის წევრების იდენტიფიცირებით, მოხდა არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში არ ხდება ბავშვის არც ირიბი და არც პირდაპირი იდენტიფიცირება.

დღესდღეობით, გუგლის საძიებო სისტემაში ბავშვის სახელის და გვარის ჩაწერისას, მარტივად იძებნება მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალები, საიდანაც ვიგებთ, რომ ბავშვს ცხენების ქურდობაში სდებენ ბრალს და საქმეზე გამოძიება სწორედ ქურდობის მუხლით დაიწყო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ „ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როცა ის ბრალდებული, მსჯავრდებული ან მოწმეა".

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ