ტუბერკულოზის მქონე პირთა სტიგმატიზება ჟურნალ „გზაში“
27.06.2017
ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სათაურით „ტუბდაავადებული-მოსიარულე ბიოლოგიური იარაღი.“ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმაც და რესპონდენტმაც ტუბერკულოზთან ბრძოლის პროცესში სტიგმისა და დაავადებული ადამიანის საზოგადოებისგან გარიყვის პრობლემაზე თავადაც აღნიშნეს, გამოქვეყნებული ინტერვიუ სიტუაციის შეუსაბამო დრამატიზებით მაინც ხელს უწყობდა სტიგმის გაძლიერებას და ყველა იმ პირის დისკრიმინაციას, ვისაც ტუბერკულოზი აქვს.

„ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა ერთმა პიროვნებამ ერთი წლის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურად შესაძლებელია 10-15 პიროვნება დააავადოს და თუკი არ გამოვკვეთთ და განვკურნავთ, 2-3 წელში, ლოგიკურად, მთელი ქვეყანა დაავადდება. ასეთი ადამიანი მოსიარულე ბიოლოგიური იარაღია,“ - ამბობდა რესპონდენტი, მისი ეს წინადადება სტატიის სათაურადაა გატანილი.

„წარმოიდგინეთ, ძველ ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილია ტუბერკულოზით დაავადებული მუმიების ნიმუშები, რომელთაც ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იზოლირებულად ამყოფებდნენ,“ - ეს მაგალითი ექიმს ტუბდაავადებული ადამიანებისგან დისტანცირების მნიშვნელობის საჩვენებლად მოჰყავდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ