03.07.2017
მათგან განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად ერთადერთი დიდი არხი აღმოჩნდა, რომელსაც ელიავას ბაზრობის ხანძარი 2 ივლისს არ გაუშუქებია. მაშინ, როცა აუდიტორია შემთხვევის ადგილიდან ჩართვებს სხვა არხებზე უყურებდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ფეხბურთის მატჩის ტრანსლაცია გადიოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფეხბურთი (კონფედერაციის თასის ფინალი) 21:56 წუთზე დაიწყო, ამ დროს, ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაცემული ჰქონდა რუსთავი 2-ს, (21:51 წთ) ხოლო ზუსტად 4 წუთში, ანუ 22:00 სთ-ზე ინფორმაცია გადასცა „იმედის კვირამაც“. ფეხბურთის დროს 15 წუთიანი შესვენება 22:47 საათზე მოუწია, ამ დროს ყველა სხვა არხზე აქტიურად ერთვებოდნენ ჟურნალისტები მოვლენის ადგილიდან, აუდიტორიას აცნობდნენ დაზარალებულების, მეხანძრეების, ოფიციალური პირებისა თუ პოლიტიკოსების კომენტარებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კი ინფორმაცია ცეცხლის გაჩენის შესახებ არც ფეხბურთის მატჩებს შორის 15 წუთიან შესვენებაზე გასულა.
საზოგადოებისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად მაუწყებელს არც მეორე არხი გამოუყენებია, იქ პარლამენტის სხდომის სესიას განმეორებით აჩვენებდნენ. პლატფორმა, რომელიც იმ ღამეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიყენა, ოფიციალური ვებსაიტი www.1tv.ge და ფეისბუკ გვერდი იყო, სადაც ფეისბუკ ლაივები და მოვლენების ადგილიდან სიახლეები ზიარდებოდა. მაუწყებლის მაყურებელმა კი მომხდარის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს, 3 ივლისის დილის 9 საათზე, დაახლოებით12 საათის დაგვიანებით შეიტყო.
მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე მედიაჩეკერთან საუბარში აღნიშნავს, რომ რადგან კვირა დღე იყო, თანამშრომლები კი სახლში იყვნენ წასულები, პირდაპირი ჩართვის გაშვება ვერ მოხერხდა: „ამ დროს ფეხბურთის მატჩი გადიოდა, 15 წუთიან ჭრაში საინფორმაციოს გაშვება არ გამოვიდოდა. ხანძარი ისეთ დროს დაიწყო, რომ ვერ მოვასწრებდით საეთეროს მომზადებას. ასევე, კვირა დღე იყო და რადგან კვირა იყო, ხალხი სახლში იყო წასული, ვერ გავიდოდით ეთერში და ამიტომ არ გავედით. მე არც ვთვლი, რომ უნდა გავსულიყავით, სპეცი არ უნდა შეგვეყვანა, არ იყო “სასპეცე“ ამბავი. ეთერში რომ ვყოფილიყავით, ცხადია, გავაშუქებდით. გვაქვს ვებმაუწყებლობა და იქ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც უნდა გაკეთებულიყო“.