NDI-ს კვლევის შედეგები "მოამბის" მთავარ გამოშვებაში არ გაშუქდა
27.07.2017
26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის შედეგები წარმოადგინა. ამ ნაწილში საუბარი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევის შედეგები 26 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა, თუმცა ის გააშუქეს, რუსთავი 2-ის, იმედისა და TV პირველის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებებმა.

კითხვარს შორის მოხვდა ისეთი აქტუალური საკითხები, რომლის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არსებული სასჯელი. მათგან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა კვლევის გასაჯაროების დღეს დაძლია.

კვლევიდან ირკვეოდა, რომ გამოკითხულთა 44%-მა არ იცოდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდებოდა, 59%-სთვის კი მიუღებელი იყო ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ერთი ხელმძღვანელის არსებობა. საერთო ჯამში ამ ცვლილებას ქვეყნისთვის უარყოფითი გავლენის მომტანად 45% აფასებდა.

NDI-ის კვლევით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 60%-მა არ იცის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. იმ ადამიანებიდან ვინც იცოდა (32%) რეფორმის შესახებ, ნახევარზე მეტი (59%) ამბობდა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან არსებულ დანაშაულს: გამოკითხულთა 57% მიიჩნევდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს ციხეში არ უნდა იხდიდნენ.


თეგები : გამოტოვებული თემები;
ავტორი : გელა ბოჩიკაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ