15.11.2017
პოსტში, რომელიც მედიამ უცვლელად გაავრცელა, სხვათა ნაამბობის საფუძველზე აღწერილი იყო სუიციდის მეთოდი, ასევე მოტივი და ფაქტობრივად ბრალდებოდა სავარაუდოდ ბანკს და მისგან მიგზავნილ „მეპროცენტეს“. გარდაცვლილი მეწიგნე მიშკას მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სუიციდი გამოსავლად იყო წარმოჩენილი.
გარდა ამ ფეისბუკ პოსტისა, მედიასაშუალებებს შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალები არ მოუძიებიათ, არ განუზოგადებიათ თემა და ამბავი ერთი პირის ისტორიის ფრაგმენტული გაშუქებით შემოიფარგლა. არც ფეისბუკ პოსტში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა ჩანდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე ზოგადად და არა კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე გაშუქებისას არ ჩანდა ეს საზოგადოებრივი ინტერესი.
ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით:
· სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის.
· დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება
· არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ... ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.
· უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.
ასევე ქარტიის მიერ შექმნილ კიდევ ერთ დოკუმენტში, „სოციალური მედიის გამოყენების“ შესახებ სახელმძღვანელო წესებში, საუბარია სოციალური ქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს შესახებ: „სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის“.