„პრაიმშოუში“ საპატიმროების პოზიტიურად გაშუქება გრძელდება
26.10.2017
წინა კვირის მსგავსად, 25 ოქტომბრის „პრაიმშოუც“ სასჯელაღსრულების დაწესებულებას და იქ არსებული პირობების დადებითად წარმოჩენას მიეძღვნა. ამჯერად, დეტალურად გაგვაცნეს ბათუმის N3 განსაკუთრებული რისკის დაწესებულება, გვიჩვენეს კეთილმოწყობილი სასადილო, სამედიცინო კაბინეტები და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები. იქამდე კი სტუდიაში მყოფმა სტუმრებმა გაიხსენეს, რა მძიმე პირობები იყო საპატიმროებში 2012 წლამდე და რა კარგი მდგომარეობაა ახლა, როგორ ეძლევათ მსჯავრდებულებს თვითგანვითარების და თვითრეალიზაციის საშუალება.



სტუდიაში სტუმრად იყო ქალთა დაწესებულების დირექტორი, რომლის შესახებაც წამყვანმა აღნიშნა, რომ ის დაწესებულებაში ყველას დედა და დაა, რომ ყველას უყვარს, შემდეგ კი სტუმარს ჰკითხა, როგორ ახერხებს ამგვარი დამოკიდებულების დამსახურებას. სტუმარმაც ვრცლად ისაუბრა, თუ რა კეთილმოწყობილი გარემო აქვთ მსჯავრდებულებს. მანვე განგვიმარტა, რომ სამ წლამდე ბავშვები დედასთან იმყოფებიან დაწესებულებაში, მათი კვებისა თუ ყველა სხვა საჭირო ხარჯს კი სახელმწიფო ანაზღაურებს. სამინისტროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა კი სიახლე გაგვაცნო და გვითხრა, რომ მსჯავრდებულებს ახლა უკვე დისტანციურად, საპატიმროდან გაუსვლელად შეეძლებათ განათლების მიღება. მანვე გვითხრა, რომ სულ მალე, ახალი დაწესებულებაც გაიხსნება. „სასტუმროს ტიპის იქნება?“ - ჩაეკითხა გადაცემის წამყვანი ნინა კუზანოვა სტუმარს.

სტუდიაში სტუმრად მყოფი ყოფილი მსჯავრდებულები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ ჩართული იყო ყველა პროექტში, შეისწავლა ხატვა, მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში, თუმცა კულინარიის კურსებზე სიარული ვეღარ მოასწრო - მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა.

გადაცემის დასასრულს გვიჩვენებენ, როგორ გაატარეს 1 დღე წამყვანებმა ბათუმის ნომერ მესამე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში.

„დღეს ჩვენ პატიმრები ვართ“ - ამბობს წამყვანი და კამერას დაწესებულების შენობაში მიუძღვება. ისინი ყველა სახის პროცედურას გადიან, მათ აცნობენ შინაგანა წესს, უღებენ ფოტოებს და ანაბეჭდებს შემდეგ კი საკანში შეჰყავთ. საკანი კეთილმოწყობილი და სუფთაა, კადრში ვხედავთ საპირფარეშოსაც.

ერთი დღით, მსჯავრდებულის როლში მყოფმა წამყვანებმა კვების რაციონიც გაგვაცნეს, შემოთავაზებული საკვებიდან მათ გუფთა აირჩიეს და არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ „ძალიან გემრიელია“. სადილის შემდეგ კი მათთან წიგნებიც შემოაქვთ. მალევე, ერთ-ერთ წამყვანს წნევა უწევს, შესაბამის ღილაკს აჭერს და რამდენიმე წამში მასთან დაწესებულების თანამშრომელი ჩნდება. წამყვანი კეთილმოწყობილ სამედიცინო კაბინეტში გადაჰყავთ, სადაც შესაბამის სამედიცინო პროცედურებს უტარებენ - უზომავენ წნევას.

„კონტრასტი რაც იყო და რაც არის ახლა ასევე აუცილებლად ხაზგასასმელია, ჩვენ ძალიან გვინდოდა ჩასვლა და ვერ ჩავედით ქსნის იმ ნაწილში, სადაც ერთ-ერთ ავტორიტეტს ვილაც კი ჰქონდა აშენებული შიგნით ციხეში, ეს უკვე ყველაფერი განადგურებულია დღესდღეობით რა“ - ამბობს წამყვანი.

წამყვანების ერთი დღე დაწესებულებაში სრულდება და მათ „გასათავისუფლებლად“ სამინისტროს პენიტენციალური დაწესებულების უფროსის მოადგილე საკანში შემოდის. საკნიდან გამოსვლის შემდეგ კი, სწორედ ის გვათვალიერებინებს ტელევიზორით, ავეჯითა და ყველა სხვა საჭირო ინვენტარით კეთილმოწყობილ ოთხას, რომელიც გრძელვადიანი პაემნებისთვისაა განკუთვნილი. კადრში ვხედავთ ასევე კეთილმოწყობილ საპირფარეშოსაც. პაემნების ოთახის შემდეგ, სასადილოში გადავდივართ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვიხსნის, რომ აქ რამდენიმე მენიუ კეთდება და შედგენისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულების როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე რელიგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები: „მსჯავრდებული ერთი და იგივე საჭმელს ჭამს პრაქტიკულად ორ კვირაში, ან თვეში ერთხელ“.

„სამედიცინო ბლოკი არის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ყველა იმ მომსახურებით, რომელიც შესაძლებელია, რომ იყოს ადგილზე“ - ამ სიტყვებით კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამედიცინო ბლოკისკენ მიგვიძღვება, პანორამული კადრებით ვათვალიერებთ კეთილმოწყობილ სტომატოლოგიურ კაბინეტს. ბოლოს კი ისიც გავიგეთ, რომ დაწესებულებას აქვს „ძალიან ხშირად განახლებადი აფთიაქი“.

დაწესებულების დათვალიერების შემდეგ, წამყვანებმა აღნიშნეს, რომ მათთვის „შთამბეჭდავი იყო ერთი დღე ამ დაწესებულებაში“, თავისმხრივ, პრობაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ „პრაიმშოუს“ მადლობა იმისთვის გადაუხადა, რომ ის „რეალობას ანახებს საზოგადოებას“.

გადაცემის მიწურულს კი დაგვათვალიერებინეს ის ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ ცუდად გამოიყურებოდა დაწესებულება ადრე. გვარწმუნებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დაწესებულება განსაკუთრებული რისკისაა, ანუ საპატიმრო სადაც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს, პირობები მაინც ძალიან კარგია.

შეგახსენებთ, რომ საპატიმროები პოზიტიური რაკურსით წინა გადაცემაშიც გაშუქდა, ამის შესახებ მედიაჩეკერიც წერდა. არც მაშინ და არც ახლა, არ ისმის არც ერთი კრიტიკული აზრი დაწესებულების შესახებ და საუბარი მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზეა. ბუნდოვანია, რატომ არის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკვე ზედიზედ მეორე კვირაა, კერძო ტელევიზიის ყველაზე ყურებადი დრო - პრაიმტაიმი, ამ თემას ეძღვნება, რატომ საუბრობენ მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზე და რატომ არ განიხილავენ პრობლემებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ