15.08.2018
ინტერნეტ თამაში რომ "საშიშია და უკვე საქართველოშიც გავრცელდა", ეს მტკიცებით ფორმაში დასაწყისშივე, მასალის წარდგენისას გვესმის და შემდეგაც რამდენჯერმე მეორდება სიუჟეტში.
- „ახალი სახიფათო თამაში ინტერნეტ სივრცეში. საშიში არსება უკვე საქართველოშია“, - ასე წარადგენს სიუჟეტს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.
სიუჟეტის ავტორი კი მასალაში ამბობს:
- „თამაშის მოქმედ პირთან კონტაქტობენ საქართველოშიც“;
- „ჯერჯერობით დაუდგენელია საშიში ინტერნეტ თამაშის უკან
რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ
ადამიანს უკავშირდება“;
- „საქართველოში ბავშვებმა ამ თამაშის შესახებ უკვე ბევრი
იციან, ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავად
უკავშირდება“.
ამგვარი განცხადებების საფუძველს მასალის ავტორს, რასაც სიუჟეტიდან ვიგებთ, მხოლოდ ერთი რესპონდენტის მოსაზრება აძლევს, რომელიც ამბობს, რომ თამაშის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო. მასალაში ისიც ჩანს, როგორ ცდილობს რესპონდენტი ჩაერთოს თამაშში, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, რადგან, „როდესაც შენ უკავშირდები პირველი [ინტერნეტ ბოტს], ის თვითონ არ გწერს“.
გარდა იმისა, რომ სიუჟეტში თამაშის არსებობა და კავშირი სუიციდთან, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, სიუჟეტის დასაწყისშივე სახელდება თამაშის სახელწოდება და ნაჩვენებია გზაც, რის საშუალებით უნდა დაამყარო კავშირი თამაშთან და როგორ უნდა მოძებნო „საშიში ინტერნეტ ბოტი“.
ასევე დადასტურებულ ფაქტად გვესმის, რომ თამაში მონაწილის სუიციდით მთავრდება.
- „ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერნეტ მონსტრი სახიფათოა,
“ლურჯი ვეშაპის” მსგავსად ვირტუალური ქალის ბოლო დავალება
თვითმკვლელობაა“, - შესავალშივე გვეუბნება
წამყვანი;
- „არის რამდენიმე შემთხვევა სუიციდის“, - ეუბნება
ჟურნალისტს რესპონდენტი და იქვე არ ჩანს მცდელობა ავტორის მხრიდან ამ
განცხადების უტყუარობის დასადასტურებლად, მაგ.: რა იცის ფრაზის
ავტორმა ამ შემთხვევებზე, სად და როდის მოხდა და რა ამტკიცებს, რომ ეს
ინტერნეტ თამაშის შედეგი იყო;
- „ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, შესაბამისად, უწყება მოზარდების სუიციდის შემთხვევების
თავიდან ასაცილებლად არც არაფერს აკეთებს“, - ამთავრებს
ავტორი სიუჟეტს, ისე რომ აქაც დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩენს კავშირს
მოზარდების სუიციდსა და ინტერნეტ თამაშს შორის.
სიუჟეტიდან ასევე გვესმის, რომ მსგავსი სახიფათო თამაშების მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.
„ძალადობრივი თამაშის შესახებ კვლევები აჩვენებენ, რომ ასეთ გართობას ძირითადად სუსტი ფსიქიკის, არათვითრეალიზებული და მშობლების ყურადღებას მოკლებული ბავშვები იქცევენ“, - ამბობს ჟურნალისტი, თუმცა, მასალაში არსად ჩანს რომელ კვლევაზეა საუბარი. ამის შემდეგ კი გვხვდება ფსიქოლოგების რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ ბავშვები ამგვარი თამაშებისგან და ავაცილოთ მოსალოდნელი სუიციდი.
არასრულწლოვანთა სუიციდის თემა ცხადია მედიის ინტერესიის თემაა და ამ საკითხზე მასალები უნდა მომზადდეს, თუმცა, დიდი სიფრთხილით. „არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ. ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია", - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში.