31.08.2018
ასეთი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს გამოცემებმა: Alia.ge, Resonancedaily.com, Akhalitaoba.ge და NewPosts.ge. მასალებში ვკითხულობთ, რომ დაკავებულები იტალიაში ქართული სახელებითა და გვარებით იყვნენ ჩაბარებული ლტოლვილებად და ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც „საქმის წარმოების დროს მათთან მისულმა თარჯიმანმა ვერ გააგებინა ქართულად ვერაფერი”.
Alia.ge, Resonancedaily.com და Akhalitaoba.ge წერენ, რომ ამბავს „ქართული მარშის“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის ფეისბუკის სტატუსზე დაყრდნობით აქვეყნებენ. NewPosts.ge კი აღნიშნავს, რომ "ინფორმაციას ამის შესახებ იტალიაში მცხოვრები ქართველები Radio Uno Rai-ზე დაყრდნობით ავრცელებენ". თუმცა, ვინ არიან ეს ემიგრანტები, მასალაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
როგორც ტექსტებიდან ჩანს, არცერთ გამოცემას არ უცდია ეს ინფორმაცია რაიმე ფორმით, რომელიმე უწყებაში, ან სხვა რელევანტურ წყაროსთან გადაემოწმებინა.
მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში გამოცემას განუცხადეს, რომ ქურდობის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სამივე გამოცემის საიტზე არაზუსტი, ქსეონოფობიური კონტექსტის ტექსტი ამ დრომდე იძებნება.