09.09.2018
კონტრაქტებში სამუშაო პირობების ცვლილებამ თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ აქციაც გამართეს ტელეკომპანიის შენობის წინ.
არხის გარშემო მიმდინარე მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული თემა გასულ კვირას (3-7 სექტემბერი) ყოველდღე ხვდებოდა, გარდა პარასკევისა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თემა „მოამბისათვის“ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული და იგი დაბალანსებულად, თუმცა არასაკმარისი სიმწვავით შუქდებოდა.
„მოამბეში“ თანამშრომლების საკონტრაქტო პირობების ცვლილების შესახებ ოთხივე დღეს მხოლოდ კადრ-სინქრონები მზადდებოდა და ეთერში არც ერთხელ არ გასულა ვრცელი სიუჟეტი, რომელიც ამომწურავად და სიღრმისეულად გააშუქებდა საკითხს, გაარკვევდა თანამშრომლეთა უკმაყოფილების კონკრეტულ მიზეზებს და მოიძიებდა პასუხებს არხის ადმინისტრაციის მხრიდან.
3 და 4 სექტემბერს, მოამბეში აღშნიშნული ამბავი 26-ე წუთზე გავიდა მე-9 და მე-11 თემებად. 5 სექტემბერს თემა მხოლოდ 46-ე წუთზე მე-20 ამბად მოხვდა, 6 სექტემბერს კი 38-ე წუთზე 21-ე ამბად. ამბების გაშუქების ქრონომეტრაჟი 2-დან 4 წუთამდე მერყეობდა და კადრ-სინქრონები ძირითადად შეეხებოდა ფაქტობრივ ამბებს, მაგალითად, აქციის გამართვას, პროფკავშირებისა და თანამშრომელთა ნაწილის შეხვედრებს სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრთან, არხის მენეჯმენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გამართულ პრეს-კონფრენციას და ა.შ.
გარდა ამისა, კადრ-სინქრონები ძირითადად ეყრდნობოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარის ნინო ზაუტაშვილის, არხის რამდენიმე თანამშრომლის, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების კომენტარებს.
„მოამბეში“ აღნიშნული თემა არ გაშუქებულა ცალმხრივად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიას არ გაუწევია არავითარი ძალისხმევა, რომ გადაემოწმებინა განცხადებები, რომელიც კეთდებოდა არხის მენეჯმენტის მხრიდან. მაგალითად, კვლავაც გაურკვეველია ფაქტობრივი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენ თანამშრომელს შესთავაზეს კონტრაქტის შეცვლილი პირობები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არხის მენეჯმენტის წერილობით განცხადებას ეფუძნებოდა.
საინფორმაციო გამოშვებაში არ მომხდარა კრიტიკულად იმის გაანალიზება თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მენეჯმენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არხის ათეულობით თანამშრომლისათვის. მაგალითად, ექნებოდათ თუ არა მათ საშუალება, რომ მიეღოთ სამუშაო საათების და შესაბამისად ანაზღაურების გარკვეული მინიმუმი თუ შესაძლოა, რომ ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონდეთ რაიმეანაზღაურების მეღების საშუალება მთელი თვის მანძილზე.
გარდა ამისა, კვლავაც ბუნდოვნად დარჩა თუ რა ნიშნით შეირჩნენ თანამშრომლები, ვისაც ახალ კონტრაქტზე მოუწევდათ დათანხმება, რამდენად ობიექტურად და დასაბუთებული კრიტერიუმებით შეარჩიეს ისინი, რატომ მისცეს მათ სულ რამდენიმე დღე კონტრაქტის პირობებზე თანხმობის მოსაფიქრებლად და ა.შ. მაგალითად, გამოცემა On.ge-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 თანამშრომლის ისტორია, სადაც ისინი საუბრობენ, რომ მათთვის ბუნდოვანია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისინი მოყვნენ ოპტიმიზაციის პროცესში. ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით კი იგი 3-თვიან ბიულეტენზე იყო გასული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მას სამსახურის გაცდენაში ჩაუთვალეს.
გარდა ამისა, საინტერესოა რომ 4 სექტემბერს, მოამბეში აღნიშნულ თემაზე მომზადებული კადრ-სინქრონი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ „ილია მართლის საზოგადოების“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ კადრ-სინქრონის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო, წამყვანმა ნიკა მუკბანიანმა შემდეგი კადრ-სინქრონი წარადგინა ტექსტით: „მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად, პირველი არხის შენობაში მაუწყებლის პროფკავშირისა და თანამშრომლების ნაწილის ბრიფინგი გაიმართა“. აღნიშნული ბმით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მომდევნო დღეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტმა დოდო შონავამაც აღნიშნა.
3-6 სექტემბერს, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბემ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისათვის საკონტრაქტო პირობების შეცვლის საკითხი არ დატოვა უყურადღებოდ და ორივე დაპირისპირებულ მხარეს მისცა პოზიციების დაფიქსირების საშუალება. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო, რომ აღნიშნული თემა ვერ გახდა არხისათვის პრიორიტეტული საკითხი, არ დაუთმო მას სათანადო ყურადღება და არ შეეცადა, რომ კრიტიკულად და სიღრმისეულად, სათანადო სიმწვავით გაეშუქებინა იგი.