08.11.2018
სიუჟეტში არ მომხდარა არც ძალადობის მსხვერპლის და არც სავარაუდო დამნაშავის პირდაპირი იდენტიფიცირება. ასევე არ მომხდარა მსხვერპლის მშობლისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის იდენტიფიცირება. თუმცა, ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა სკოლის გარე პერიმეტრის კადრები, შემდეგ კი გამჟღავნდა სკოლის დირექტორის სახელი და გვარი, მისი კომენტარი დაუფარავად გავიდა ეთერში. აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს იმ სკოლის იდენტიფიცირება, სადაც ძალადობის მსხვერპლი და როგორც ირკვევა, სავარაუდო დამნაშავე სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავეც ასევე არასრულწლოვანია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით, ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. ეს ეხება არა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ გარემოს, არამედ იმ დაწესებულებასაც, სადაც იგი სწავლობს.