არჩევნების მეორე ტური და მედია რუსული კვალის ძიებაში
18.11.2018
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პირველმა ტურმა გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა ვერ გამოავლინა. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდატი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

როგორც ჩანს, არჩევნების პირველი ტური ბევრისთვის ცივი წყლის გადასხმასავით აღმოჩნდა და პოლიტიკური ძალები თუ მედიასაშუალებები ახალ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე დააფიქრა. მაგალითად, ტელეკომპანია “იმედი” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ღიად განაცხადა: “ ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისადმი ღია ნეგატიური დამოკიდებულება თავშივე გაცხადებული ჰქონდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ორპოლუსიან განზომილებად ქცეული მედია პოლიტიკურად დაპირისპირებული ორი განსხვავებულ ბანაკის ინტერესებს კარგად მოერგო და ოპონენტებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად იქცა. მკვეთრად პოლარიზებულ ტელესივრცეში, კანდიდატების მაკომპრომეტირებელი მთავარი ხაზიც საერთო აღმოჩნდა და ჩრდილოელ მეზობელზე გავიდა. განსხვავებული ფორმით, შინაარსითა და მეთოდებით ორმა დაპირისპირებულმა მხარემ გამალებით დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატებში რუსული ფესვებისა და კავშირების ძიება.

ტელეკომპანია “იმედისთვის” გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მთავარი “მაკომპრომეტირებელი” მისი საბჭოური განათლება და საჭოთა კავშირის პერიოდის დიპლომატიური კარიერაა. ამას ემატება საპრეზიდენტო კადიდატის საარჩევნო კამპანიაში “რუსი პიარტექნოლოგების” ჩართულობა და მაყურებლემადე მისატანი მთავარი სათქმელიც უფრო ნათელი და მკაფიო ხდება - “გრიგოლ ვაშაძე - რუსული პროექტი ქართულ პოლიტიკაში”.



მსგავსი კონტექსტი აქვს “იმედის” არამხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს, არამედ იგივე მესიჯები ისმის პოლიტიკური გადაცემების წამყვანებისა და რესპონდენტებისგან. “იმედზე” არაერთხელ მოვისმენთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი საბჭოთა დიპლომატიური წარსულით ამაყობს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის რუს კონსულტანტებთან ერთად იბრძვის, რომ ეს არის “რუსული მოდელი”, “რუსეთთან დაკავშირებული ხელწერა, ინტერესი” და ა.შ.

განსაკუთრებული აქცენტი გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პიარსპეციალისტებზე კეთდება და ხაზი მათ რუსულ წარმომავლობას ესმება. “იმედის” სიუჟეტეტებიდან ვიგებთ, რომ ეს სწორედ ის გუნდია, “ვისი სახელებიც წლებია რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს უკავშირდება”. ისმება კითხვები, თუ რატომ განსაზღვრავენ “რუსი პიარ კონსულტანტები” საპრეზიდენტო კანდიდატის დღის წესრიგს, რომ ამ გუნდის ხელმძღვენელი ვიტალი შკლიაროვი, რუსული ტელეარხების ხშირი სტუმარია, სადაც ის ვაშაძის ე.წ რუსულ უპირატესობაზე თამამად საუბრობს” და ამბობს, რომ “საბჭოთა კავშრის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის სტაჟი ვაშაძისთვის კარგი გამოცდილებაა”.

რადიკალურად განსხვავებული სურათია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე. აქ რუსული ინტერესების გატარების მცდელობის ბრალდებებს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ ვისმენთ. განსხვავებულია თემის კონტექსტიც, - არხი მთავარ ყურადღებას საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებზე ამახვილებს და ზურაბიშვილის ნათქვამს,“ომი საქართველომ დაიწყო” - ქვეყნის ღალატად აფასებს. აქ რუსულ კვალთან მიმართებით, მთავარი სათქმელი და კონტექსტი სწორედ სწორედ ეს არის.



აღნიშნულ კონტექსტში “რუსთავი 2-ზე” არაერთი სიუჟეტი მომზადდა, რომლებშიც ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი ანალიტიკოსებთან ერთად საეკლესიო პირებმაც გააკრიტიკეს და როგორც წამყვანებმა განმარტეს, მის ნათქვამს “სამშობლოს ღალატი, სიძულვილი, მტრობა და ბოროტება” უწოდეს.

ერთ-ერთ ასეთ მსგავს კრიტიკულ სიუჟეტში ომში დაღუპული სამხედრობის მშობლების შეფასებებიც მოვისმინეთ, სადაც ისინი საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას ყოვლად მიუღებლად და გაუმართლებლად მიიჩნევენ. აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის დიპლომატიის "მეტრი" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.

როგორ დასრულდება პოლარიზებული მედიის ბრძოლა კანდიდატების რუსული კვალის ძიებაში, უკვე სულ მალე, ათ დღეში გამოჩნდება. ერთ-ერთი კი, და არა ერთადერთი, რაც კანდიდატების პრორუსულობის მტკიცებამ აჩვენა, ეს არის საზოგადოების უმეტესი ნაწილის კონსესუსი იმაზე, რომ რუსეთი საფრთხეა.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ